მსოფლიო დღეს

თურქეთში არჩევნებზე კენჭისყრა დასრულდა - დაიწყო შედეგების დათვლის პროცედურა

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭო წინასწარ შედეგებს ორშაბათს ღამით გამოაქვეყნებს
Sputnik
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაიხურა.
ამომრჩევლები დილის 9 საათიდან ირჩევდნენ პრეზიდენტს, რომელსაც ქვეყნის მართვა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მოუწევს და 600-კაციანი პარლამენტის დეპუტატებს.
უმაღლესი საარჩევნო საბჭოს მონაცემებით, 81 პროვინციაში 191 ათასზე მეტი ურნა დადგეს.
საპრეზიდენტო კანდიდატების საბოლოო სიაში შევიდნენ სახელმწიფოს მოქმედი მეთაური, 69 წლის რეჯეფ თაიფ ერდოღანი, როგორც ერთიანი კანდიდატი „რესპუბლიკური ალიანსიდან", ოპოზიციური „სახალხო ალიანსის" ერთიანი კანდიდატი 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუ და 55 წლის კანდიდატი Ata-ს ალიანსიდან სინან ოგანი.
ტელეარხ A Haber-ის ინფორმაციით, საარჩევნო ურნების 9%-ზე ბიულეტენების დათვლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე ერდოღანს აქვს ხმების 59,47%, ხოლო ქილიჩდაროღლუს - 34,79%. ტელეარხმა აღნიშნა, რომ კენჭისყრის შედეგები ყოველ წუთს იცვლება.
უმაღლესი საარჩევნო საბჭომ (YSK) მანამდე განაცხადა, რომ წინასწარი შედეგები ღამით გამოქვეყნდება. საარჩევნო საბჭოს მიერ მომზადებული განრიგის მიხედვით, არჩევნების საბოლოო შედეგები 19 მაისს ოფიციალურ გაზეთში უნდა გამოქვეყნდეს.