თბილისი, 14 მაისი - Sputnik. თურქეთში ქურდობის ბრალდებით ორი ქართველი მამაკაცი დააკავეს - მათ 23 კგ ოქროს სამკაულების მოპარვას ედავებიან, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა დაახლოებით ორი კვირის წინ ერზურუმში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში ცნობილი იუველირის კუთვნილი ოქროულობის მაღაზია ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე გაქურდეს. გამოძიების მიხედვით, ძვირფასეულობის მაღაზიის გვერდით მდებარე შენობიდან მძარცველებმა კედელი გაბურღეს, მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტროენერგია გათიშეს და ვიტრინები თითქმის სრულად დააცარიელეს.
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების ქურდობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე ალანიაში დააკავეს. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ვერ იპოვეს ნაძარცვი ძვირფასეულობა, რომელიც ბრალდებულებმა, სავარაუდოდ, თურქეთიდან გაიტანეს.
ადგილობრივი მედიაში გავრცელდა ვიდეოთვალის მიერ გადაღებული კადრებიც, სადაც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება ორი მამაკაცი საიუველირო მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე.
დიდი ოდენობით ოქროს სამკაულების ქურდობის ბრალდებით დაკავებულ ორ ქართველს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
დანაშაულის სხვა ფიგურანტების გამოსავლენად თურქეთის პროკურატურამ ქართულ მხარეს სავარაუდოდ უკვე მიმართა.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“