თბილისი, 14 მაისი — Sputnik. 14 მაისს საქართველოს ეწვია დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი, რომელიც თბილისში თავისი ქვეყნის საელჩოს გახსნის, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში, დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.
აღსანიშნავია, რომ ლარს ლოკე რასმუსენს თან ახლავს დანიელ ბიზნესმენთა დელეგაცია, გაიმართება მინისტრის და დელეგაციის შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან.
ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს.
დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
დღემდე დანიის ელჩი საქართველოში კიევში იმყოფება.
საქართველომ და დანიამ დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დაამყარეს. 2006 წელს საქართველომ გახსნა წარმომადგენლობა დანიაში.