საქართველოში წამლის ხარისხის ლაბორატორია გაიხსნა

ახალ ლაბორატორიაში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესებამება, ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს შეისწავლიან.
Sputnik
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. თბილისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წამლის ხარისხის ლაბორატორია გაიხსნა, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც დაწესებულების გახსნას ესწრებოდა.
წამლის ეროვნული ლაბორატორია ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს შეისწავლის. აქამდე საქართველოს მედიკამენტების ხარისხის შესამოწმებლად ევროპის ლაბორატორიებისთვის უწევდა მიმართვა, რაც დაკავშირებული იყო როგორც დროსთან, ასევე გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთან.

„ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ, რომელიც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, ხალხს. ეს არის ულტრათანამედროვე წამლის ხარისხის ლაბორატორია. ლაბორატორია ქვეყანაში არსებობდა, მაგრამ არ იყო ასეთი დონის და ასეთი თანამედროვე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს ხელისუფლებამ დაახლოებით 11 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და დღეს ქვეყანას აქვს სრულყოფილი წამლის ხარისხის ლაბორატორია, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერმა განმარტა, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ეს ლაბორატორია. მისი თქმით, მთავრობის მთავარი პრიორიტეტი არის მოქალაქეებზე ზრუნვა. ამ მიზნით სახელმწიფომ შარშან დაიწყო წამლის ხარისხის გაკონტროლება, შემოიღო სტანდარტები და ქვეყანაში მხოლოდ „ჯიემპის“ სტანდარტის წამლები, ანუ ხარისხიანი წამლები შემოდის.
მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ამას სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან ყოველდღიური თუ არა, სისტემატური კონტროლი, აღნიშნა პრემიერმა.

„სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ეს ლაბორატორია. შერჩევით შემოწმდება ყველა წამალი, რომელიც დღეს ბაზარზე არის ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მედიკამენტების ხარისხის ლაბორატორიის გახსნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენჯერმე დააანონსა, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო გახსნის თარიღი გადაიდო. უწყებაში არაერთხელ განაცხადეს, რომ მედიკამენტების ხარისხი, უსაფრთხოების და ეფექტურობის კოეფიციენტი მათი ფასების რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2022 წელს ფარმაცევტულ სფეროში რეფორმები დაიწყო. გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რამაც შესაძლებელი გახადა ფასების 60-80%-ით შემცირება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი: მთავრობა აქტიურად მუშაობს ფასების რეგულირებაზე>>
გარდა ამისა, შემოღებულ იქნა რეფერენტული ფასები, ანუ ის მაქსიმალური ზღვარი, რომლის ზემოთაც ქვეყანაში მედიკამენტების გაყიდვა არ შეიძლება, რაც 1.100-ზე მეტ მედიკამენტს შეეხო. ამ რეფორმის შედეგად მედიკამენტების ღირებულება 40%-ით შემცირდა.
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.