მსოფლიო დღეს

გერმანიამ ლტოლვილთა დასახმარებლად დამატებით 1 მლრდ ევრო გამოყო

Sputnik
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. წელს გერმანიის ფედერალურ მიწებს ბიუჯეტიდან დამატებით 1 მილიარდი ევრო გამოეყოფა ლტოლვილების მიღებასთან, განსახლებასა და მოვლასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის, იუწყება გერმანული მასმედია კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის მთავრობისა და ფედერალური მიწების მთავრობებმა მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას მიაღწიეს.
აღინიშნება, რომ მანამდე, წელს ბერლინმა მიწების მთავრობებს ამ მიზნებისთვის 2,75 მილიარდი ევრო გადასცა, რითაც ლტოლვილებზე გაღებული ხარჯების რაოდენობამ საერთო ჯამში 16 მილიარდ ევროს მიაღწია.
როგორც ოლაფ შოლცმა განაცხადა, მიწებისთვის გამოყოფილი 1 მლრდ ევრო უპირველესად იმ უწყებების გაციფრულებას უნდა მოხმარდეს, რომლებიც უცხოელთა საქმეებზე მუშაობენ.
მიღებული გადაწყვეტილებით ზოგი ფედერალური მიწის ხელისუფლება უკმაყოფილო დარჩა, ვინაიდან „ეს ერთი მილიარდი ევრო მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარ პრობლემას ვერ წყვეტს“.

„ფედერალური მთავრობის მიერ დაფინანსების ერთი მილიარდი ევროთი გაზრდა აბსოლუტურად არასაკმარისია და არანაირად არ შეესაბამება ადგილებზე არსებულ დაძაბულ სიტუაციას“, — განაცხადეს ბავარიის, საქსონიისა და საქსონია-ანჰალტის წარმომადგენლებმა.

გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა საქმეების ფედერალური უწყების ცნობით, 2023 წლის პირველ ოთხ თვეში თავშესაფრის მძებნელთაგან 101.981 თხოვნა აქვთ მიღებული, რაც 78%-ით აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდს.
ამასთან ოფიციალურ სტატისტიკაში გათვალისწინებული არ არიან უკრაინიდან ლტოლვილები, რომლებსაც უფლება აქვთ, არ წარადგინონ განაცხადები. გერმანიის ხელისუფლებამ ეს ბიუროკრატიული პროცედურების გასამარტივებლად გააკეთა.