კობახიძე: ვიზების გაუქმება და ფრენების აღდგენა საქართველოს გონივრული პოლიტიკის შედეგია

პოლიტიკოსის თქმით, დიასპორაზე ზრუნვა და ქვეყანასთან კავშირის ხელშეწყობა ხელისუფლების კონსტიტუციური მოვალეობაა.
Sputnik
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. ვიზების გაუქმება და რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის შედეგია მისი მოქალაქეების სასარგებლოდ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდება უვიზო რეჟიმი, 10 მაისიდან კი მოიხსნა საქართველოში პირდაპირ ფრენებზე და ტურების გაყიდვაზე არსებული აკრძალვა.

„ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას და ამ პოლიტიკის გამოხატულებაა ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ იქნა მიღებული", – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

მისი თქმით, დიასპორაზე ზრუნვა და ქვეყანასთან კავშირის ხელშეწყობა ხელისუფლების კონსტიტუციური მოვალეობაა.
„საბოლოო ჯამში, მთავარი მომხმარებლები იქნებიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც შემოვლითი გზებით და სამმაგი ღირებულებით უწევთ მგზავრობა. რუსეთში მილიონამდე ქართველი ცხოვრობს, მათ შორის ჩვენი მოქალაქეები. რატომ უნდა გადაიხადონ სამჯერ მეტი და მესამე ქვეყნების გავლით იმოგზაურონ, რაც აფერხებს კომუნიკაციებს“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
დარჩიაშვილი: რუსეთის გადაწყვეტილების გამო უშიშროების საბჭოს მოწვევის აუცილებლობა არ დგას>>>
კობახიძის აზრით, რადიკალური ოპოზიცია შეეცდება ეს პროცესი გამოიყენოს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაში.
ოპოზიციამ რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირ ფრენებზე დაწესებული აკრძალვის მოხსნის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ჯილდო უწოდა ანტიდასავლური პოლიტიკის გატარებისთვის. მათი თქმით, ამან, შესაძლოა, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.
„ამ საკითხსა (რუსეთის გადაწყვეტილებას) და კანდიდატის სტატუსის მიღებას შორის არანაირი კავშირი არ არის. მაგრამ რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, გამოიყენოს ეს თემა იმ კამპანიისთვის, რომელსაც ისინი აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ჩვენ დსთ-ის წევრი არ გავმხდარვართ დღეს. რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და იგი მოიხსნა", – განაცხადა კობახიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ქართული მხარე რუსეთის მიმართ საკუთარ სანქციებს არ შემოიღებს, რადგანაც ეს, პირველ რიგში, ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება.

„ქართული მხარე რუსეთთან მიმართებით სანქციებს არ დააწესებს. მიზეზი უბრალოა – რუსეთისთვის სანქციის დაწესებით ჩვენ სინამდვილეში საკუთარ ქვეყანას და ხალხს დავუწესებთ სანქციას, რასაც არ გავაკეთებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, თუ გასულ წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა 10%-ზე მეტი იყო, სანქციების შემოღების შემთქვევაში ქვეყანაში ეკონომიკის ვარდნა იქნებოდა 10-18%-ით.
„ჩვენ არ დავსჯით ჩვენს ხალხს და ამ მიმართულებით არანაირ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ", – განაცხადა კობახიძემ.
პაპუაშვილი: ქართულ მხარეს მოსკოვის გადაწყვეტილებაზე გავლენა ვერ ექნებოდა>>>
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს დააწესა. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლისთვის ვიზები არ სჭირდებათ. საქართველომ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წელს გააუქმა.
პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით რუსეთმა 2019 წლის ზაფხულიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში გამართული ანტირუსული აქციები. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.