სად გადის შესაძლებლობების ზღვარი, ანუ როდემდე გამყარდება ლარი?

ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად მყარდება. ლარის კურსი დოლარის მიმართ 2015 წლის ნიშნულს უახლოვდება. როდემდე გაგრძელდება ლარის გამყარების ტენდენცია და დროის რა მონაკვეთში ჩამოსცდება ის 2-იან ნიშნულს?
Sputnik
ეროვნული ვალუტის ბოლო ცხრაწლიანი თავგადასავლის მკითხველამდე მიტანის ისტორია ჩვენი მასმედიის უცნაურობის ერთ-ერთი მკაფიო გამოვლინებაა.
თავად განსაჯეთ, 2015 წლის პირველი კვარტლიდან მოყოლებული გასული წლის მეოთხე კვარტლამდე პერიოდში, ანუ შვიდი წლის განმავლობაში, როდესაც ეროვნულმა ვალუტამ ჯერ თანდათან დაღმასვლა დაიწყო, შემდეგ კი გაუფასურების სწრაფი ტემპიც აიღო, მედიასაშუალებები ყოველდღე თუ არა, კვირაში ორ-სამჯერ მაინც გვთავაზობდნენ ვრცელ ჟურნალისტურ მასალებს შეკითხვით: რატომ უფასურდება ლარი? სხვა საკითხია, რამდენად კომპეტენტური იყო ამა თუ იმ მედიასაშუალებაში გამოთქმული შეფასებები და არგუმენტაცია. მთავარია, იყო პოლემიკა და დიდი დოზით ვიშვიში. გასულ წელს ვითარება შეიცვალა. სავალუტო ბაზარზე ლარის კურსი ჯერ დასტაბილურდა, შემდეგ კი გამყარების პროცესი დაიწყო და სწრაფი ტემპით გაგრძელდა. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია, მედიასაშუალებები იშვიათად უთმობენ დროსა და სივრცეს პასუხის მოძიებას შეკითხვაზე: რატომ მყარდება ლარი? კი, მაგრამ, რატომ, რა არის მიზეზი? − შესაძლოა, დაინტერესდეს მკითხველი. მრავალი მოსაზრება არსებობს, მათ შორის ისიც, რომ ჩვენებური მკითხველის, მსმენელისა თუ ტელემაყურებლის დიდი ნაწილის ინტერესი ნეგატივზეა ფოკუსირებული და მედიასაშუალებებიც ამ ტენდენციის მძევლები არიან.
რამდენ ხანს გაგრძელდება ლარის გამყარება: ექსპერტის პროგნოზი
სავარაუდოდ, მკითხველი ელის, რომ წინამდებარე სტატიაში ჩვენი მედიის ავ-კარგზე მსჯელობას ვაპირებ, არადა, არ არის ასე. მე მხოლოდ ჩემი წილი უცნაურობით დაშვებული შეცდომის გამოსწორება მინდა და, თქვენის ნებართვით, ვეცდები კიდეც. თანმიმდევრული ვიქნები, თხრობას ეროვნული ვალუტის ბოლო ათი წლის მოკლე ექსკურსით დავიწყებ.
2014 წლის მეორე ნახევრიდან ლარის სტაბილურობას წყალი შეუდგა. ეროვნულმა ვალუტამ, რომლის კურსი ზედიზედ მრავალი წლის განმავლობაში ამერიკული დოლარის მიმართ 1,65–1,75 ლარის ფარგლებში მერყეობდა, თანდათან გაუფასურება დაიწყო და მომდევნო წელს 1,88 ნიშნულზე შეხვდა. მაშინ ჯერ კიდევ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 2015 წლის განმავლობაში ქვეყნის სავალუტო ბაზარზე მოვლენები უმძიმესი სცენარით წარიმართებოდა. არადა, ეროვნულმა ვალუტამ თებერვლის უკვე პირველ კვირაში ორიანი ნიშნული გადალახა, კურსმა დოლარის მიმართ 2,01 ლარი შეადგინა. ყველაზე ცუდი წინ იყო: რვა თვის შემდეგ დოლარის მიმართ მისი გაუფასურების ეროვნული ვალუტის შემოღებიდან იმ დროისათვის მაქსიმალური ნიშნული − 2.43 ლარი.
საფინანსო სფეროს ექსპერტ-ანალიტიკოსები ეროვნული ვალუტის გაუფასურების ძირითად ფაქტორად მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუარესებას, კერძოდ, ექსპორტის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის შემცირებას ასახელებდნენ. ცალკეული მიმართულებით სტატისტიკური მონაცემების ანალიზი შორს წაგვიყვანს, მკითხველს შეუძლია ციფრებს „საქსტატის" ვებ-გვერდზე გაეცნოს.
მშენებლობის ღირებულება მარტში გაიზარდა - სტატისტიკური მონაცემები
საფინანსო-ეკონომიკური პარამეტრები არც მომდევნო წლებში გაუმჯობესებულა და, შესაბამისად, სავალუტო ბაზარზე ვითარება მხოლოდ უარესდებოდა. ეშვებოდა ფსკერზე, რომელსაც ძირი არ უჩანდა. 2016-2019 წლებში ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ 2,39–2,87 ლარის ფარგლებში მერყეობდა.
ნათქვამია, „გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწიაო“, ჰოდა, 2020 წლის თებერვალში საქართველომდე მოღწეულმა COVID-19-ის პანდემიამ ლარი გაუფასურების უფრო მაღალ ტრამპლინზე შეაყენა. გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და „ლოკდაუნის“ პირობებში 17 მარტს ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ 3-იან ნიშნულს გადაახტა. კურსმა 3,01 ლარი შეადგინა. ეს დღე სავალუტო ბაზარზე „შავ სამშაბათად“ მოინათლა. მას შემდეგ მოყოლებული, ლარის გაუფასურების შემხედვარე ექსპერტებს კალენდარში აღარ დარჩათ დღე, რომელიც შავად არ შეიფერა. ისედაც მძიმე ვითარებას ორნიშნა ინფლაციაც დაერთო. 2020-2021 წლებში დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის კურსი 2,86–3,09 ლარის ფარგლებში მერყეობდა.
ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურებას საფინანსო ბაზარზე ინტერვენციებით უპასუხა და 2015-2021 წლებში სავალუტო აუქციონს ჯამში 2.800,7 მილიონი დოლარი მიაწოდა. ანალიტიკური წრეების წარმომადგენელთა შეფასებებით, მართალია, ეროვნული ბანკის ინტერვენციებს განსაკუთრებული პოზიტიური შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ რომ არა ეს ნაბიჯი, ლარის გაუფასურების ნიშნული გაცილებით მაღალი იქნებოდა.
გასული წლის დასაწყისში ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ 3,08 ლარი იყო, ხოლო თებერვლის შუა რიცხვებში 2,95 ლარამდე გამყარდა. ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების მორიგი ანტირეკორდი რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან ორ კვირაში დაამყარა. 10 მარტს დოლარი 3,45 ლარს ფასობდა. ამ პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე გაყიდული 40 მილიონი დოლარი ლარის კურსზე პოზიტიურად აისახა. ეროვნული ვალუტა დასტაბილურდა და გამყარება დაიწყო.
ინფლაციის დონე საქართველოში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდა - სტატისტიკური მონაცემები
მაისის მეორე ნახევარში ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ უკვე 3-იან ნიშნულს ჩამოსცდა. გასული წლის მესამე კვარტლიდან მოყოლებული ლარის გამყარება-გაუფასურების თანაფარდობა გამყარების სასარგებლოდ შეიცვალა და, შედეგად, მიმდინარე წლის დასაწყისში დოლარი უკვე 2,72 ლარს ფასობდა. ეროვნული ვალუტის კურსის ასეთი გამყარება ქვეყანაში დოლარის შემომავალი ნაკადების ზრდამ განაპირობა.
პოზიტიური დინამიკაა მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში. 24 მარტიდან დღემდე ეროვნული ვალუტა მხოლოდ მყარდება. შედეგად, ლარი 2,5-იან ნიშნულსაც ჩამოსცდა. ეს გაუფასურების ის მაჩვენებელია, რომელიც პირველად 2016 წლის 26 ნოემბერს დაფიქსირდა და, მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ლარიზაციის პროგრამა 2017 წლის იანვარ-მაისში განხორციელდა.
ერთი სიტყვით, ეროვნული ვალუტა თანდათან გაუფასურების 2015 წლის ნიშნულს უახლოვდება. საინტერესოა, როდემდე გაგრძელდება ლარის გამყარება და დროის მოკლე პერიოდში ჩამოსცდება თუ არა ის 2-იან ნიშნულს?
საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი ევროსტანდარტით გადაითვალეს: რა შეიცვალა
ანალიტიკოსთა შეფასებით, ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია მანამდე გაგრძელდება, ვიდრე სავალუტო ნაკადების მოცულობა იქნება მზარდი. ეს კი, თავის მხრივ, დამოკიდებულია იმაზე, რა მოცულობის შემოსავალს მიიღებს ქვეყანა ტურიზმიდან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან, ექსპორტიდან და ფულადი გზავნილების სახით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია – როგორ განვითარდება მიგრაციული პროცესები. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ე.წ. მოლოდინების უგულებელყოფაც. მოსახლეობა ხედავს, რომ ლარი მყარ პოზიციებს ინარჩუნებს და დანაზოგი დეპოზიტზე ეროვნულ ვალუტაში შეაქვს, რაც ასევე ხელს უწყობს ლარის გამყარებას. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ აკი აღნიშნა კიდეც, რომ ბოლო პერიოდში დეპოზიტების გალარების ტენდენცია ფიქსირდება.
და, ბოლოს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ეროვნული ვალუტის გამყარების პარალელურად ქვეყნის სავალუტო რეზერვებიც ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 5,13 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მიმდინარე წელს პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის, 29 მილიარდი დოლარის 18 პროცენტია. გასულ თვეში სავალუტო რეზერვები 100 მილიონი დოლარით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი მატება 1,3 მილიარდი დოლარია. მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ეროვნულმა ბანკმა 460 მილიონი დოლარი შეისყიდა, მარტში კი ინტერვენციების მოცულობა რეკორდული, 220 მილიონი დოლარი იყო. უნდა ითქვას, რომ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო შესყიდვები გასული წლის მეორე ნახევარში გაზარდა, რაც ქვეყანაში გაზრდილ ფულად შემოდინებებს უკავშირდებოდა.
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ინტერვენციები თუ ნაკლები იქნებოდა, ვალუტა კიდევ უფრო მეტად გამყარდებოდა, მაგრამ როდესაც ეკონომიკაში მზარდი შემოდინებაა, გონივრული პოლიტიკა შესაძლო გადინებისთვის სავალუტო რეზერვების დაგროვებაა. ეროვნულმა ბანკმა შეგვახსენა, რომ COVID-19-ის პანდემიის პერიოდში უწყებამ ერთი წლის განმავლობაში სავალუტო რეზერვებიდან მილიარდი დოლარი დახარჯა. ერთი სიტყვით, სავალუტო რეზერვი ქვეყნის ფინანსური სექტორის სტაბილურობის შეფასების ერთ-ერთი წამყვანი ინდიკატორია. უცხოური ვალუტის რეზერვი ბუფერია, რომელიც ეკონომიკური კრიზისების და საგარეო შოკების პერიოდში დამაბალანსებელ ფუნქციას ასრულებს.
დღეისთვის სულ ეს იყო. საფინანსო-ეკონომიკური სისტემის სიახლეებით უახლოეს დღეებში შევხვდებით. პირველი მოვლენა, რომელსაც გამოვეხმაურები, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება იქნება. და, კიდევ, ბოდიში, თუ პოზიტივი ჭარბობდა ნეგატივს...
სამსონ ხონელი