თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0,5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10,5%-ს შეადგენს, ნათქვამია მარეგულირებლის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ხანია მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა და 2022 წლის მარტიდან რეფინანსირების განაკვეთს 11%-ზე ინარჩუნებდა.
მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული ბანკის კომიტეტმა ინფლაციის შემცირების ტენდენციები და პროგნოზები გაითვალისწინა.
„საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს და მიმდინარე წლის აპრილში მთლიანი ინფლაცია 2,7 პროცენტამდე, ხოლო საბაზო ინფლაცია 4,7 პროცენტამდე შემცირდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ინფლაციის კლებას დიდწილად იმპორტირებული პროდუქტების ფასების შემცირება განაპირობებს; საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასები 2022 წლის შუა პერიოდიდან ეტაპობრივად იკლებს, ხოლო საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა.
„ეს ტენდენციები, გამყარებულ გაცვლით კურსთან ერთად, ადგილობრივ ბაზარს ეტაპობრივად გადმოეცემა და იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს“, – აღნიშნავს მარეგულირებელი.
მარეგულირებელმა ამავე დროს ადგილობრივი ინფლაციის კლებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში მოსალოდნელია შემცირების ტენდენციის გაგრძელება.
„სხვა თანაბარ პირობებში მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებას განაგრძობს, მოკლევადიან პერიოდში მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და საშუალოვადიან პერიოდში 3%-იანი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, გაურკვევლობა კვლავ მაღალია.
„ერთ-ერთ მთავარ რისკად რჩება გეოპოლიტიკური მდგომარეობაც. აქედან გამომდინარე, მაღალი გაურკვევლობის პირობებში მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას მხოლოდ ნელი ტემპით განაგრძობს“, – წერია ინფორმაციაში.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
2019 წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია. ხოლო 2021 წლის მარტში ისევ ზრდა დაიწყო.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 21 ივნისს ჩატარდება.