თბილისი, 7 მაისი - Sputnik. ვანში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გუშინ, 6 მაისს სოციალურ ქსელში გავრცელდა არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული, სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრები. კადრებში ჩანს, თუ როგორ ავიწროებდა სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად.
შსს-ს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები 1 მაისს დაიწყო - მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვნები.
„მომდევნო დღეებში ჩატარდა ასევე არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დამატებით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, სკოლის მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
ვიდეომასალა სოციალურ ქსელში მოსწავლეებმა გაავრცელეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანებმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბეს, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო.
მომხდარის გამო თანამდებობა დატოვა სკოლის დირექტორმა, რომელიც ბრალდებულის მეუღლეა.