განათლების მინისტრი სკოლების პრობლემებს სწავლობს

სასკოლო საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება და შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება.
Sputnik
თბილისი, 6 მაისი— Sputnik. საქართველოს განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი სკოლების პრობლემების გაცნობას აგრძელებს - მინისტრმა პედაგოგებთან შეხვედრა გამართა.
ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, მინისტრმა 100-მდე მასწავლებელთან მორიგი შეხვედრა გამართა და მათგან პირადად მოისმინა სკოლებში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწის საკითხებს, სასწავლო რესურსების, მათ შორის სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებას, სკოლებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს", - ნათქვამია განცხადებაში.
მინისტრ ამილახვარის გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც აქტიურად მუშაობს სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასა და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობაზე.
ჯგუფს თავად გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობს, კოორდინაციას კი – ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი გია მურღულია უწევს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სასკოლო საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება და შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება.