თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ქალაქი ბათუმი არის ადგილი, სადაც ისტორია ხვდება თანამედროვეობას ახალი ტენდენციებით და ახალი ბიზნეს-შესაძლებლობებით, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების ტურისტული გამოცემა ATM Yearbook-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
თორნიკე რიჟვაძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე ტურისტულ გამოფენა ATM Dubai 2023-ზე იმყოფება. ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 52 ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი.
„ბათუმი არის ადგილი, სადაც ისტორია ხვდება თანამედროვეობას ახალი ტენდენციებით და ახალი ბიზნეს-შესაძლებლობებით. ბათუმი ყოველთვის იქნება ძველისა და თანამედროვეს ნაზავი", – თქვა რიჟვაძემ ინტერვიუში.
როგორც აჭარის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბათუმი დამსახურებულად ატარებს ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული და ბიზნესის მიმართულების სტატუსს და ის ოთხივე სეზონზე მიმზიდველია თავისი უნიკალური კულტურით, ტრადიციებით, ხელშეუხებელი მწვანე ბუნებითა და მშვენიერი ზღვის სანაპიროთი.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ბათუმი აგრძელებს განვითარებას, ამიტომაც თანამედროვე შენობებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისტორიული ადგილების რეაბილიტაციასა და ძველი ქალაქის კონსერვაციას.
გარდა ამისა, ბათუმი გამოირჩევა როგორც პოპულარული საინვესტიციო ადგილებით, ისე თავისი ბიზნეს-მეგობრული გარემოთი.
„საქართველომ და აჭარის რეგიონმა გლობალური გამოწვევების წინაშე შესანიშნავი გამძლეობა აჩვენა და საერთაშორისო ბიზნესის მნიშვნელოვან რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბდა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება და ქვეყანაში სწორი კურსის დაცვა, განსაკუთრებით რეგიონში", – აღნიშნა რიჟვაძემ.
აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად ივნისის შუა რიცხვებში იხსნება. ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი იწყება ტრადიციული სლოგანით – „ზაფხული იწყება აქ".