რამდენი იყო ინფლაცია აპრილში და რა მანძილია მიზნობრივ ნიშნულამდე?

პოზიტიური ტენდენცია გრძელდება... ინფლაციის მაჩვენებელი იკლებს. ამ ვითარებაში, ეროვნულ ბანკში არ გამორიცხავენ, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უახლოეს სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება მიიღოს...
Sputnik
წინამდებარე სტატიაში გასული თვის ინფლაციურ პროცესებს შევაჯამებ. გასული წლის გვიანი შემოდგომიდან გამოკვეთილი პოზიტიური ტენდენციის გათვალისწინებით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდში, ეროვნულ ბანკსა და ანალიტიკურ წრეებში არსებობდა ოპტიმისტური ვარაუდი, რომ აპრილში ინფლაცია დაიკლებდა და წლიური ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ ნიშნულს მიუახლოვდებოდა. თუმცა, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა...
თანმიმდევრულად მივყვები და ვიდრე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს გაგაცნობთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში მსოფლიო მზარდმა ინფლაციამ მოიცვა. გლობალური პრობლემის მიზეზი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესია გახლდათ. რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან, დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში, ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა. მძიმე რეალობა საქართველოზეც აისახა. 2021 წლის ივლისიდან მოყოლებული 18 თვის განმავლობაში ქვეყანაში ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი იყო. პირველად პოზიტიური ტენდენცია გასული წლის შემოდგომა-ზამთრის მიჯნაზე გამოიკვეთა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მართალია, ამ პერიოდში ინფლაციამ თანდათან შემცირება დაიწყო, საბოლოოდ ინფლაციის წლიური საშუალო მაჩვენებელი 13,9-9,8%-ის ფარგლებში მერყეობდა.
როგორია სამი თვის სტატისტიკა, ანუ ეკონომიკა და ფინანსები ციფრებში
დადებითი დინამიკა მიმდინარე წლის დასაწყისშიც გაგრძელდა, რამაც მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეროვნული ბანკისა და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებს ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთების საშუალება მისცა. სულ უფრო ხშირად გვესმოდა თამამი განცხადებები ინფლაციის მოსალოდნელი შემცირების შესახებ.
ვარაუდები გამართლდა. თუ გასული წლის იანვარ-აპრილში ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 13,05% იყო, მიმდინარე წლის ამავე პერიოდში 6,37%-ია...
მაშ ასე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ინფლაციამ აპრილში წინა თვესთან შედარებით 0,7%-ით დაიკლო, ხოლო წლიურმა ინფლაციამ მხოლოდ 2,7% შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ ინფლაციის აპრილის წლიური მაჩვენებელი მიზნობრივ ნიშნულზე, 3%-ზე ნაკლებია... ასე რომ, სტატიის მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაცემულია. მკითხველმა უკვე იცის, რამდენი იყო ინფლაცია აპრილში და კარგად მოეხსენება, რომ მიზნობრივ მაჩვენებლამდე მანძილიც აღარ დარჩა.
რა არის ინფლაციის კლების მთავარი მიზეზები? როგორც ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები აცხადებენ, ინფლაციის მკვეთრად შემცირებას ხელი შეუწყო საგარეო და საშინაო ფაქტორებმა. ექსპერტების შეფასებით, საერთაშორისო ბაზარზე სურსათის და ნავთობის ფასების შემცირება, სატრანსპორტო გადაზიდვების გაიაფება იყო ის ძირითადი ფაქტორი, რამაც მსოფლიო მასშტაბით ინფლაციური წნეხის შერბილება დააჩქარა. მათივე თქმით, ჩვენში ინფლაციის შემცირებას დამატებით, ძლიერი სტიმული ეროვნული ბანკის მიერ მონეტარულ პოლიტიკის გამკაცრებამ მისცა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ასევე მნიშვნელოვანი იყო საკრედიტო ინსტიტუტებისთვის სესხებზე იმ ახალი რეგულაციების დაწესება, რამაც საფინანსო ბაზარზე ჭარბი ლარის მიმოქცევა და შესაბამისად ინფლაციურ პროცესებზე მონეტარული წნეხი შეუძლებელი გახადა.
რა უნდა ინატრო ამაზე მეტი?!
გთავაზობთ, გადავხედოთ ინფლაციის სტრუქტურას, როგორი იყო აპრილის თვეში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტებისა თუ მომსახურების ჩამონათვალი.
აპრილის თვის რეიტინგს გაძვირების 12,1%-ით სათავეში უდგას სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფი, რომელსაც 2022 წლის ნოემბრის შემდეგ, ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში რეიტინგში მეოთხე, ხოლო მარტის თვის მონაცემებით, ფასების ზრდის 11,3%-ით, მესამე ადგილი ეკავა.
გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული მუდმივ „პრიზიორს“, თებერვლისა და მარტის პირველადგილოსანს, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფს წლიურ ჭრილში ფასების ზრდის 11,9%-ით, ამჯერად რეიტინგში მეორე ადგილი უკავია. ამ ჯგუფის წლიური ინფლაციის მარტის თვის მაჩვენებელი 12,4% იყო.
წლიურ ჭრილში ფასების ზრდის 10,3%-ით კი, რეიტინგში მესამე პოზიცია საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფს უკავია. ეს ჯგუფი გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული თებერვლის ჩათვლით მუდმივად პირველ სამეულში იყო. მარტში კი საშუალო წლიური ინფლაციის 11,1%-ით მეოთხე პოზიცია დაიკავა. წლიურად აპრილში საცხოვრებელზე გადასახადი 31,1%-ით გაიზარდა, საცხოვრისის მიმდინარე მოვლა და შეკეთება კი 4,6%-ით გაძვირდა.
მომდევნო პოზიცია განათლების ჯგუფს უკავია. წლიურ ჭრილში ფასების ზრდის 6,8%-ით, ეს ჯგუფი რეიტინგში მეოთხეა. მარტში კი საშუალო წლიური გაძვირების 6,6%-ით მეექვსე იყო.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეიტინგის პირველ ხუთეულში უკვე ზედიზედ მეორედ მოხვდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფი. წლიურად აპრილში ამ ჯგუფში ფასები საშუალოდ 6,7%-ით გაიზარდა. მარტში კი წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 7,2% იყო...
ინფლაცია იკლებს, მაგრამ რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა
საკვები პროდუქტები ხომ არ დაგავიწყდა? − ჩამეძიება მკითხველი. რა გასაკვირია, ჩვენი მოსახლეობა, უკვე მრავალი წელია, ფასების ზრდას, ამ მიმართულებითაც უჩივის. არა, მახსოვს, შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა, რომელიც ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში მუდმივად რეიტინგის პირველ სამეულში იყო, აპრილის თვეში საშუალო წლიურ ჭრილში გაძვირების 5,9%-ით, მეექვსე პოზიცია დაიკავა. ცალკეულ სახეობებზე ფასების ცვლის დინამიკა: ბოსტნეული და ბაღჩეული 10,8%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 10,1%-ით, ხოლო პური და პურპროდუქტები 9,2%-ით გაძვირდა. ხორცისა და ხორცის პროდუქტების ფასებმა კი 9,1%-ით მოიმატა. მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 8,7%-ით გაძვირდა. თევზეული გაძვირდა 6,7%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო 3,4%-ით არის გაძვირებული. 1,5%-ით მოიმატა შაქრის, ჯემისა და სხვა ტკბილეულის ფასმაც. ამასთან, ზეთსა და ცხიმზე ფასები 14,8%-ით, ხილსა და ყურძენზე კი 4,4%-ით დაიკლო. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების წლიურად მატების მარტის მაჩვენებელი 11,8% იყო.
როგორ განაწილდა რეიტინგის მომდევნო პოზიციები? ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის ჯგუფი, სადაც წლიურ ჭრილში ფასებმა 4,9%-ით მოიმატა, რეიტინგში მეშვიდეა. გაძვირების 2,7%-ით, შემდეგია დასვენების, გართობისა და კულტურის ჯგუფი. ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ჯგუფი ფასების ზრდის 0,7%-ით მეცხრე პოზიციაზეა.
რატომ მცირდება ინფლაცია და რა ბედი ეწევა პრემიერ-მინისტრის ინიციატივას?
ჩამონათვალში არის ის ჯგუფებიც, სადაც წლიურ ჭრილში ფასები შემცირებულია. ყველაზე მეტად 12,9%-ით ფასები ტრანსპორტის ჯგუფში შემცირდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, ფასებმა სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 20,5%-ით, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 2,8%-ით დაიკლო. ამასთან, ფასები სატრანსპორტო მომსახურებაზე 8%-ით გაიზარდა. გაიაფების სიდიდით შემდეგი ჯანდაცვის ჯგუფია, სადაც ფასები 7,9%-ით შემცირდა. სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფში ფასებმა 18,7%-ით დაიკლო. ამავე დროს, 11,3%-ით გაძვირდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება, ხოლო საავადმყოფოების მომსახურებაზე ფასებმა 7,6%-ით მოიმატა. კავშირგაბმულობის ჯგუფში ფასები 3,1%-ით შემცირდა.
ინფლაციის შემცირების პარალელურად, სულ უფრო ხშირად გვესმის შეკითხვა: ქვეყანაში როდის დაიწყება მონეტარული მონეტარული პოლიტიკის შერბილება? როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა აცხადებს, არ არის გამორიცხული, ეს საკითხი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 10 მაისის სხდომაზე განიხილონ. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბანკო სექტორის მთავარი მარეგულირებელი ვარდობისთვის პირველი დეკადის ბოლოს შევიტყობთ. სავარაუდოდ, მეც იმ დროისთვის დაგიბრუნდებით...
სამსონ ხონელი