თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საქართველოში დანაშაული არ იზრდება, მკვლელობების რაოდენობა კი წლიდან წლამდე მცირდება, განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
ბოლო კვირაში თბილისში მკვლელობის სამი მცდელობა ხელისუფლების მიერ კრიმინალის წახალისებაში დადანაშაულების ახალი საბაბი გახდა. ოპოზიციური მასმედია ქვეყანაში დანაშაულის ზრდაზე ალაპარაკდა.
„თქვენ ყოველ წელს მაგას იძახით, კრიმინალი გაიზარდა, გაიზარდა. მაგალითად, გასულ წელს პირველად იყო, რომ მკვლელობის 74 შემთხვევა დაფიქსირდა. როდესაც ზუსტად 2012-მდე წელიწადში 300-330 იყო. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2022 წელს დაფიქსირდა, 74 მკვლელობის შემთხვევა, რომელიც საქართველოში ნამდვილად უპრეცედენტოა“, – განაცხადა გომელაურმა.
ამასთან, მან ოპოზიციური მასმედია ტყუილში დაადანაშაულა.
„ვინ გეუბნებათ ამას, რომ კრიმინალი გაიზარდა? არ შეიძლება ხალხი მოატყუოთ, ტყუილი უთხრათ ხალხს. ციფრებია, რომელიც დევს ჩვენს საიტზე, ღიაა და ნახეთ. საიდან მოიტანეთ, რომ გაიზარდა კრიმინალი?“ – განაცხადა მინისტრმა.
შსს-ს მონაცემებით, საქართველოში დანაშაული 2020 წლიდან შემცირდა. პიკი იყო 2019 წელს, როდესაც დანაშაულის რიცხვი 65 ათასს მიუახლოვდა. 2020 წელს საქართველოში 54,4 ათასი დანაშაული დაფიქსირდა.
ამასთან, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში წელიწადში 100-ზე მეტი მკვლელობა არ დაფიქსირებულა.