გელათის სამონასტრო კომპლექსის მდგომარეობას იუნესკოს ექსპერტი შეისწავლის

2023 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო, საკონსერვაციო და სხვა საჭირო სამუშაოებს უშუალოდ საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს.
Sputnik
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქოს მოწვევით გელათის სამონასტრო კომპლექსის მდგომარეობის შესასწავლად იუნესკოს მატერიალური მემკვიდრეობის ექსპერტი, არქიტექტორი და ინჟინერი სტივენ ჯეი კელი საქართველოში ჩამოვიდა.
გელათის უნიკალურ სამონასტრო კომპლექსში რთული ვითარება 2018 წლიდან შეიქმნა გადახურვის უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო. არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების შედეგად სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის ტაძრის კრამიტით გადახურული სახურავიდან წყლის ჟონვა დაიწყო და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი ტაძრის უნიკალური ფრესკები საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
არქიტექტორ და ინჟინერ სტივენ ჯეი კელის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაციის საკითხებზე მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე რუმინეთში, რუსეთსა და უკრაინაში, ასევე იგი ჩართული იყო თურქეთის ქალაქ ანისში სომხური არქიტექტურის ძეგლების კონსერვაციის პროცესში.
გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს>>>
ექსპერტის თქმით, გელათში სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საერთაშორისო დონის ექსპერტებისგან.
სპეციალისტს მიაჩნია, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის პრობლემის არსის კარგად გააზრებისთვის აუცილებელია მეტი დრო დაიხარჯოს კვლევით ნაწილზე. თუმცა, უშუალოდ ფრესკებზე მუშაობის დაწყებამდე უპირველესი ამოცანაა – გადაიხუროს მონასტრის კათედრალი.
„ამ პროექტში ჩემი ჩართვა მოხდა არქიმანდრიტ კირიონის ინიციატივით. ჩემს სამეცნიერო მოქმედებებს სამომავლოდ განაპირობებს ის, თუ რა დავალებებს მომცემს საქართველოს საპატრიარქო და მასთან არსებული გელათის დროებითი მართვის კომიტეტი", – განაცხადა ექსპერტმა.
გელათის სამონასტრო კომპლექსში კედლის მხატვრობის გრაფიკული სქემების შექმნის სამუშაოების საველე ეტაპი ცოტა ხნის წინ დასრულდა და ამჟამად მიღებული მონაცემების დოკუმენტურად დამუშავება მიმდინარეობს. გელათის მხატვრობის გრაფიკული სქემების შექმნაზე საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით მხატვრობის კონსერვაციის სპეციალური ჯგუფი მუშაობდა.
2023 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო, საკონსერვაციო და სხვა საჭირო სამუშაოებს უშუალოდ საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს.
საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2023 წლის 24 თებერვალს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.
გელათის ირგვლივ განვითარებული მოვლენები
პრობლემები 2015-2019 წლებში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო. ტაძრის დასავლეთ მკლავის და სამლოცველოს გადახურვა არასწორი მეთოდით და უხარისხო მასალებით მოხდა, რის გამოც სახურავიდან წყალმა იწყო დენა. 2021 წლისთვის ტაძარში კედლის მხატვრობა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
გამოქვეყნდა იუნესკოს ანგარიში გელათის თემაზე - მთავარი რეკომენდაციები>>>
უნიკალური ფრესკების გადასარჩენად კრამიტი მოხსნეს და ტაძარი დროებითი, თუნუქის სახურავით გადახურეს. 2021 წლის იანვარში ძლიერმა ქარმა დროებითი სახურავის ნაწილიც დააზიანა და წყალმა ისევ დააზიანა ფრესკები.
დროებითი გადახურვის სამუშაოებს და სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ სამუშაოებს სპეციალურად ამ მიზნით კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი ზედამხედველობდა.
სამინისტროში განაცხადეს, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლაც – შეჩერებული. ამასთან, ოპტიმალურად მიმდინარეობს კედლების შრობის პროცესი მას შემდეგ, რაც იუნესკოს სპეციალისტების რჩევით ტაძრის სახურავის ერთი ნაწილიდან მოიხსნა მოჭიქული კრამიტი და ნესტის აორთქლება ზემოდანაც გახდა შესაძლებელი.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა. წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დავით აღმაშენებლის უნიკალური ფრესკაა დაცული.