თბილისი, 5 მაისი — Sputnik. სამართალდამცველი ორგანოები კი არ მფარველობენ, არამედ ამხელენ ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ დანაშაულებრივ ქოლ-ცენტრებს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იმ კრიმინალურ ქოლ-ცენტრებს, რომლებიც საქართველოში ფუნქციონირებენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „კრიშავს“. ოპოზიციის განმარტებით, შეუძლებელია, რომ სუსს არ შეემჩნია დედაქალაქში საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობა.
„ჩვენი თუა (ქოლ-ცენტრები) და ჩვენ თუ ვმფარველობთ, რატომ ვკეტავთ მაშინ? ჩვენ რა, გიჟები ვართ? ეს, რა თქმა უნდა, ტყუილია. სინამდვილეში ჩვენ მათ ვააშკარავებთ“, – განაცხადა გომელაურმა ჟურნალისტებთან.
დღეს, დილით თბილისის ცენტრში, აღმაშენებლის გამზირზე რამდენიმე საათის განმავლობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა – საგამოძიებო ღონისძიებები ე.წ. ქოლ-ცენტრის მუშაობის შესახებ შეტყობინების მიღების საფუძველზე დაიწყო.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. ქოლ-ცენტრის მფლობელები არიან პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე და უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია.
მინისტრ გომელაურის განცხადებით, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე რამდენიმე უწყება მუშაობს.
„დაველოდოთ გამოძიებას. დეტალებს არ ჩავუღრმავდები. ალბათ ფინანსური პოლიცია გააკეთებს ამის თაობაზე განცხადებას. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით როგორც ფინანსური პოლიცია, ისე შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა უწყებები, რათა ქვეყანაში მაქსიმალურად დაიხუროს და აღარ იფუნქციონიროს ქოლ-ცენტრებმა“, – განაცხადა გომელაურმა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ კრიმინალური ქოლ-ცენტრების უკან საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას. 2023 წლის აპრილში ამის თაობაზე საკუთარი კვლევა გამოაქვეყნა ВВС-მ. ბრიტანული ტელეკომპანიის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, კეზერაშვილი დგას საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან, რომლის მსხვერპლიც ევროპელი პენსიონერები გახდნენ.
„ქართული ოცნების" მტკიცებით, კეზერაშვილი აფინანსებს ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
საქართველოს პროკურატურამ ევროპელ პარტნიორებთან ერთად უკვე განახორციელა რამდენიმე მასშტაბური ოპერაცია ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების იდენტიფიცირების მიზნით.
საქართველოს პროკურატურის მონაცემები
საუბარია თაღლითების საერთაშორისო ქსელზე, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ქოლ-ცენტრები, მათ შორის საქართველოში, რომელთა გამოყენებითაც ევროპის ქვეყნების მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავდათ და მათ ფულს ითვისებდნენ.
საქართველოსა და ევროპის ქვეყნების საგამოძიებო ორგანოებმა ერთობლივი გამოძიების ფარგლებში დაადგინეს, რომ თაღლითები სოციალურ ქსელებსა და სხვა საჯარო სივრცეებში ათავსებდნენ რეკლამას მომგებიანი ინვესტირების შესახებ. ხოლო ქოლ-ცენტრების თანამშრომლები ურეკავდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებლებს და იმავე მომსახურებას სთავაზობდნენ. მათ ფულს კი, ვინც თანხმობას აცხადებდა ინვესტირებაზე, თაღლითები ითვისებდნენ.
ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიება 2021 წელს დაიწყო.
საქართველოში 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში ფართომასშტაბიანი საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა ქოლ-ცენტრების გამოვლენისა და თაღლითურ სქემაში მონაწილე პირების დადგენის კუთხით.
შედეგად დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შესაძლო ხელმძღვანელები და მონაწილეები, დაწყებულია იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი დევნა. საგამოძიებო ორგანოები საქართველოში დაკავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ.
ВВС-ს სკანდალური გამოძიება
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.
გამოძიების მონაცემებით, საუბარია დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე.
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან.
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რაიმე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.