თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს თითოეულს 1.000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 500 ლარი ჩაერიცხათ, იუწყება დედაქალაქის მერია.
უწყების ცნობით, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა „ომის ვეტერანთა დახმარების" პროგრამის ფარგლებში შესაბამისი თანხა თბილისში რეგისტრირებულ 86 პირს ჩაურიცხა.
კერძოდ, 1.000 ლარი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 47-მა ვეტერანმა, ხოლო 500 ლარი ამ ომში დაღუპულთა ოჯახების 39-მა წევრმა მიიღო.
თბილისის მერიამ თანხა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული ბაზის საფუძველზე ბენეფიციართა პირად საბანკო ანგარიშზე გადარიცხა.
სულ საქართველოში ამჟამად მეორე მსოფლიო ომის 116 ვეტერანი ცხოვრობს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, საქართველოდან ფრონტზე დაახლოებით 700 ათასი მებრძოლი წავიდა, მათგან შინ მხოლოდ 300 ათასამდე დაბრუნდა. ათობით ათასი პირი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.
ყოველი წლის 9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება.