თბილისი, 3 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც სკოლაში 6 წლამდე ასაკის ბავშვებსაც შეუძლიათ შესვლა.
კანონმდებლობაში შესწორებების თანახმად, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება იმ ბავშვებისთვისაც, რომლებსაც 6 წელი 1 ნოემბრამდე შეუსრულდებათ.
მიღებული ცვლილებები პრეზიდენტის ხელმოწერისა და „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ ამოქმედდება.
ამჟამად მოქმედი კანონით პირველ კლასში შესვლა შეუძლიათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.
2010 წლიდან 2014 წლამდე სკოლაში ბავშვებს ხუთი წლიდან იღებდნენ. 2014 წლიდან პირველ კლასში იმ ბავშვების მიღება დაიწყო, რომლებსაც სასწავლო წლის დაწყების მომენტისთვის - 15 სექტემბრისთვის - სრული ექვსი წელი შეუსრულდათ.
სასწავლო წლის პირველი დღე
© photo: Sputnik / Stringer
მშობლების თხოვნით 2022 წლიდან ასაკობრივი ზღვარი ერთი თვით გაზარდეს.
ამავე დროს, პირველკლასელების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. ამ დროისათვის რეგისტრაცია პირველ ეტაპზე გაიარეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებმა.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2 მაისს დაიწყო და 15 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვები, რომელთა და-ძმა უკვე ირიცხება იმ კონკრეტულ სკოლაში, ან ბავშვები, რომელთა მშობლები სკოლის თანამშრომლები არიან. მეორე ეტაპზე ასევე შეძლებს რეგისტრაციის გავლას ორი ან მეტი ბავშვი ერთი ოჯახიდან, რომლებიც ერთდროულად მიდიან პირველ კლასში.
ხოლო მესამე ეტაპი – საყოველთაო ონლაინ-რეგისტრაცია 17 მაისს დაიწყება.