მსოფლიო დღეს

ცეცხლი შეწყვეტილია: ისრაელმა და პალესტინამ შეთანხმებას მიაღწიეს

Sputnik
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ისრაელის არმია და პალესტინის შეიარაღებული ჯგუფები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, იუწყება Reuters ორ პალესტინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
წყაროების ინფორმაციით, მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც უკვე მოქმედებს, ეგვიპტის, კატარისა და გაეროს შუამავლობით მიაღწიეს.
წყაროების ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერთი დღით ადრე ისრაელის ციხეში პალესტინური წინააღმდეგობის მოძრაობის, „ალ-ჯიჰადის“ ერთ-ერთი მეთაური კადერ ადნანი გარდაიცვალა.
ტერორიზმში ბრალდებულ პალესტინელს შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, რაც 86 დღე გრძელდებოდა. მის სიკვდილს პალესტინა-ისრაელს შორის ტრანსსასაზღვრო სარაკეტო სროლები მოჰყვა.
ადნანის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთისკენ ოთხი რაკეტა გაუშვეს, რომელთაგან ერთი „რკინის გუმბათმა“ ჩაიჭირა, ხოლო სამი დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა და არავინ დაშავებულა. ისრაელის არმიამ საპასუხო ცეცხლი გახსნა და „ჰამასის“ სამხედრო ინფრასტრუქტურას შეუტია.
ცნობილი ხდება, რომ ადნანის მეუღლემ, რომელმაც ქმრის სიკვდილი მოწამეობრივად შეაფასა, მის მომხრეებს მოუწოდა, არ ეძიათ შური მეთაურის დაღუპვისთვის. თუმცა პალესტინის ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა ისრაელის ხელისუფლება ადნანის განზრახ მკვლელობაში დაადანაშაულა, ხოლო „ალ-ჯიჰადმა“ განაცხადა, რომ ისრაელი უმაღლეს ფასს გადაიხდის მისი მკვლელობისთვის.