თბილისი, 2 მაისი – Sputnik. დიდი ინდური ავიაკომპანია IndiGo დელი–თბილისის რეგულარული პირდაპირი რეისების შესრულებას 31 ივლისიდან დაიწყებს, იუწყება თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia–ს პრეს–სამსახური.
პრეს–სამსახურის ინფორმაციით, ავიაგადამზიდი კვირაში სამი რეისის შესრულებას გეგმავს.
IndiGo–ს ხელმძღვანელობა საქართველოს შემდეგ კვირაში ეწვევა და TAV Georgia–ს ხელმძღვანელობას შეხვდება იმ ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით, რაც რეისების შესრულებისთვის არის აუცილებელი.
IndiGo ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანიაა, რომელიც 2006 წელს შეიქმნა. ის ამჟამად 135 მიმართულებით ასრულებს რეისებს. აქედან 77 შიდა რეისია და 58 – საერთაშორისო.
TAV Georgia არის TAV Airports Holding–ის შვილობილი კომპანია. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და არსებული კონტრაქტით, 2027 წლამდე გაგრძელდება.