თბილისი, 2 მაისი – Sputnik საქართველოს მთავრობა სიმსივნით დაავადებული ბავშვების უფასო მკურნალობის სახელმწიფო პროგრამას ივნისიდან აამოქმედებს, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობის ყველა ხარჯს სახელმწიფო თავის თავზე აიღებს. ამჟამად საქართველოში 300-მდე ასეთი ბავშვია.
ამ ბავშვების მკურნალობის ნაწილს მთავრობა დღესაც აფინანსებს, ამისათვის წელიწადში დაახლოებით 10 მლნ ლარი გამოიყოფა. თუმცა ეს საკმარისი არ არის.
„პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ სანამ ქვეყანაში სრულყოფილი, გამართული ბავშვთა ონკოლოგია, სპეციალიზებული ცენტრი გვექნება, სხვადასხვა ქვეყანაში, წამყვან კლინიკებში შევთავაზებთ მშობლებს ალტერნატივებს. მათი არჩევანიდან გამომდინარე ექნებათ შესაძლებლობა, რომ ბავშვი ერთ-ერთ ამ კლინიკაში წაიყვანონ და უმკურნალონ“, - განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ექნება იმ უცხოური კლინიკების ჩამონათვალი, რომლებიც შეძლებენ კონკრეტული ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების მომსახურებას - როგორც დიაგნოსტიკას, ისე მკურნალობას. აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ კლინიკებს პროტონოთერაპიის კურსის ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდეს.
„ვფიქრობ, მაისის ბოლომდე ეს საკითხი უკვე დასრულებული იქნება და ივნისიდან ბავშვების მკურნალობის დაწყებას შევძლებთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
უმეტესწილად, მკურნალობის ერთი კურსი 100 ათასი ევრო ჯდება, სწორედ ამიტომ მთავრობამ ამ ბავშვების მკურნალობის სრული დაფინანსება საკუთარ თავზე აიღო.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან გამოიყოფა 30 მილიონი ლარი. მთავრობა დააფინანსებს არა მხოლოდ მკურნალობას, არამედ ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის ხარჯს.