თბილისი, 2 მაისი – Sputnik. უცხოელებმა საქართველოში უძრავი ქონების შერჩევა დაიწყეს არა დაბალი ფასების, არამედ უძრავი ქონების შესყიდვისა და უცხოელებისთვის ბინადრობის უფლების მიღების წესების კომფორტული პირობების გამო, განაცხადა Sputnik–საქართველოსთან ინტერვიუში ELT Building–ის გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელმა ია გოგიძემ.
გოგიძემ აღნიშნა, რომ მსოფლიოში არეულ ვითარებასთან დაკავშირებით უძრავი ქონების შესყიდვისა და ბინადრობის უფლების გაცემის პირობები ბევრმა ქვეყანამ გაამკაცრა. საქართველო ამ მხრივ ბევრად ლოიალურია, აქედან მომდინარეობს სწორედ უცხოელების, მათ შორის, ინვესტორების ნაკადის ზრდა.
„ზოგიერთ ქვეყანაში – თურქეთში, ბულგარეთში, კვიპროსზე – ძალიან შეიცვალა დაბეგვრა, უძრავი ქონების რეგისტრაციისა და ბინადრობის უფლების მიღების პირობები. მოთხოვნა ძირითადად არის საქართველოზე და დუბაიზე. საქართველო, თუ გადასახადების ოდენობას გავითვალისწინებთ, მოსახერხებელია საცხოვრებლადაც, ინვესტიციებისთვისაც“, – განაცხადა გოგიძემ.
ექსპერტის თქმით, უძრავი ქონების შესყიდვაზე მოთხოვნა იზრდება ევროპის ქვეყნებიდანაც. მაგალითად, ერთ–ერთ საცხოვრებელ კომპლექსში 150 აპარტამენტი შეიძინეს ესპანელებმა.
თუმცა, მყიდველებს შორის უცვლელი ლიდერი არიან დსთ–ის ქვეყნები. ყველაზე მეტი კლიენტია რუსეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ბელარუსიდან, უზბეკეთიდან.
რაც შეეხება ფასებს უძრავ ქონებაზე, ექსპერტმა აღნიშნა, რომ ფასების ზრდა ყველგან შეინიშნება და საქართველო გამონაკლისი არ არის.
კომპანია TBC Capital–ის ყოველთვიური კვლევის მიხედვით, მხოლოდ თბილისში ბინების ფასი 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, 21%–ით გაიზრდება, ხოლო ქირის ფასი – 53%–ით.
გოგიძის პროგნოზით, ფასები არ დავარდება, სანამ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მაღალია. ხუთი წლის განმავლობაში ფასები სტაბილური იქნება, რის შემდეგაც შესაძლებელია შემცირება, აღნიშნა ექსპერტმა.
სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წლიური ინდექსი ახალ საცხოვრებელ ფართზე თბილისში 2023 წლის პირველ კვარტალში 10,7%–ით გაიზარდა.