თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ბრიტანელ-კანადელმა მეცნიერმა ჯეფრი ჰინტონმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის (AI) „პიონერად“ მიიჩნევა, კომპანია Google დატოვა, რათა თავისუფლად ილაპარაკოს ტექნოლოგიის საფრთხეების შესახებ, იუწყება New York Times.
როგორც პუბლიკაციის ავტორი კეიდ მეცი წერს, ჰინტონმა და მისმა ორმა სტუდენტმა 2012 წელს შექმნეს ტორონტოს უნივერსიტეტში ნეროქსელი, რომელსაც ათასობით ფოტოს გაანალიზება და ჩვეულებრივი ობიექტების ამოცნობა შეეძლო. შემდგომში კომპანია Google-მა 44 მილიონი დოლარად შეიძინა ჰინტონის მიერ დაფუძნებული კომპანია, ხოლო მის მიერ შექმნილი ნეიროქსელი ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ტექნოლოგიის ერთ-ერთ საფუძვლად იქცა — ისეთისა, როგორიცაა, მაგალითად, ChatGPT.
ინტერვიუში მეცნიერმა განაცხადა, რომ ნაწილობრივ წუხს „მთელი ცხოვრების საქმეზე“, ვინაიდან ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება შეუშალონ ხელი „ცუდ აქტორებს“ ხელოვნური ინტელექტის „ცუდი მიზნებით გამოყენებაში“.
„იდეა ისაა, რომ მას ნამდვილად შეუძლია, გახდეს ადამიანებზე ჭკვიანი — ეს ცოტას თუ ეჯერა. უმეტესობა ფიქრობდა, რომ ასე ვერ მოხდებოდა. მეც ასე მეგონა. ვფიქრობდი, რომ ეს 30-50 წლის შემდეგ, ან უფრო გვიან მოხდებოდა. ახლა ასე აღარ მგონია“, — აღნიშნა ჰინტონმა ინტერვიუში.
მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის მოდელები, განვითარების კვალდაკვალ, „უფრო და უფრო საშიში“ ხდება.
„ნახეთ, რა იყო ხუთი წლის წინ და რა არის ახლა <...> შეადარეთ განსხვავება მომავალზე პროეცირებით. ეს საშინელებაა“, — აცხადებს მეცნიერი.
მისი თქმით, თავს იმით იმშვიდებს, რომ ის „თუ არა, ამას ვინმე სხვა გააკეთებდა“.
როგორც ამერიკული მედია წერს, ჯეფრი ჰინტონმა Google-დან წასვლა იმ ფონზე გადაწყვიტა, როდესაც სულ უფრო მეტი კანონმდებელი, უფლებადამცველი თუ ტექნიკური ინსაიდერი ტეხს განგაშს ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილი ჩატ-ბოტების ახალი თაობის პოტენციურ გამოჩენასთან დაკავშირებით. მათი თქმით, ტექნოლოგია შესაძლოა დეზინფორმაციის გასავრცელებლად და სამუშაო ადგილების ჩასანაცვლებლად იყოს გამოყენებული.
მარტში ტექნოლოგიების სფეროს ზოგიერთმა გამოჩენილმა მოღვაწემ წერილობით მიმართა ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიებს და მოუწოდა, ექვსი თვით მაინც შეწყვიტონ ყველაზე ძლიერი AI-სისტემების სწავლება. ამის საფუძვლად მათ „საზოგადოებისა და კაცობრიობისთვის სერიოზული რისკები“ დაასახელეს.