თბილისი, 1 მაისი – Sputnik. საერთაშორისო ანტირუსული სანქციების დაწესებიდან საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს და მკაცრად აკონტროლებს ყველა სახის საბაჟო ოპერაციებს საზღვარზე, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
ოპოზიციურმა ტელეარხებმა - „მთავარმა“ და „ტვ პირველმა“ -საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სანქციების დარღვევაში დაადანაშაულეს. საუბარია 2022 წლის მარტიდან სანქციების ქვეშ მყოფი რუსული კომპანია „კამაზის“ სპეცტექნიკის შეძენაზე, ასევე საქართველოს გავლით რუსეთში ჩიპების ტრანზიტზე, რომელსაც რუსეთი სამხედრო მიზნებისთვის იყენებს.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას და კიდევ ერთხელ, კატეგორიულად აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, ჩვენი ქვეყანა სრულად იცავს დადგენილ წესებს და საზღვარზე მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ოპერაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, მათ შორის, სიუჟეტში მოყვანილი საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკა, რომელიც გადაადგილდება საქართველოს გავლით - ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს და მოწმდება დეტალურად.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დღემდე არ არსებობს საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი, რაც დასტურდება მათ შორის საქართველოში ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების მიერ მედიასაშუალებებთან გაკეთებული განცხადებებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ ნებისმიერმა პირმა, რომელიც საქართველოს მიერ სანქციების დარღვევის შესახებ ბრალდებებს აჟღერებს, უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედება - ყალბი ინფორმაციის გავრცელებით ქვეყანას მიაყენონ რეპუტაციული ზიანი, რაც არ დარჩება რეაგირების გარეშე ჩვენი მხრიდან.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატიურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს, რომლებიც უკავშირდება ფინანსებს და საზღვარზე საქონლის გადაადგილებას.
ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ თავისი სანქციები არ დააწესა და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ თვითონ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 2023 წლის 24 თებერვალს შეიყვანა. ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ეს იყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და „უკრაინული ტერიტორიების დაპყრობა რუსეთის გეგმებში არ შედის“. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.