თბილისი, 1 მაისი – Sputnik. საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარი ეთქვა, რადგან ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ უარი თქვა ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნაზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის დაწყებისთანავე ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. თავდაპირველად, მიზეზი იყო უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის ორგანიზებაზე უარის თქმა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ნიშნავს ქვეყნის ჩართვას შეიარაღებულ კონფლიქტში. მოგვიანებით, საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულეს რუსეთის დახმარებაში სანქციების გვერდის ავლით.
„კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ძალიან კარგად გაიგო საზოგადოებამ, თუ რატომ მოხდა ეს. საქართველოს ხელისუფლება მათთვის წარმოადგენს პრობლემას, რადგან სანქციებს არ უერთდება, არ იწყებს ომს და არ ხსნის მეორე ფრონტს ქვეყანაში“, - განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ეს ყველაფერი „ერთგვარ ბერკეტად“ გამოიყენეს და ამის შემდეგ ქვეყანას მისცეს 12-პუნქტიანი გეგმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
„ჩვენი ხელისუფლება მზადაა, ზედმიწევნით შეასრულოს და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს უკვე ჩვენზე დამოკიდებული არ არის. თუ მოგვცემენ, გაგვიხარდება. თუ არ მოგვცემენ – არც ეს არის პრობლემა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
„ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო - 2022 წლის განმავლობაში 80-ზე მეტ კანონში ცვლილებები შევიდა. პროცესს ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი შეუერთდა. უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა თანამოაზრეებმა ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდეს.
შემოდგომაზე ევროკომისია გამოაქვეყნებს შეფასების ანგარიშს, რომლის საფუძველზეც 2023 წლის ბოლოს ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს. საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო წლის ბოლოს – კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას.