თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ავიაკომპანია MyWay-ს 13 თანამშრომელი, რომლებიც ვერ ახერხებდნენ სუდანის დატოვებას, სადაც ამჟამად ბრძოლები მიმდინარეობს, საქართველოში დაბრუნდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
სუდანში საქართველოს 40-მდე მოქალაქე იმყოფებოდა, მათი უმეტესობა ქართული ავიაკომპანიების თანამშრომელია, რომლებიც იქ მივლინებით იმყოფებოდნენ. 25 აპრილს სუდანიდან თანამემამულეების ევაკუაცია განხორციელდა. ისინი სახმელეთო გზით ეგვიპტეში გადაიყვანეს, საიდანაც ერთი ნაწილი სამშობლოში 27 აპრილს დაბრუნდა.
გუშინ თბილისში ავიაკომპანია Geosky-ს 20 თანამშრომელი დაბრუნდა. ევაკუაციის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოს საელჩოები თურქეთსა და ეგვიპტეში.
როგორც ადრე ქართული ავიაკომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათი თვითმფრინავები, სავარაუდოდ, სუდანში საომარი მოქმედებების შედეგად განადგურდა. წინასწარი ინფორმაციით, ავიაკომპანია MyWay-ს თვითმფრინავი დაიწვა, ავიაკომპანია Geosky-ს თვითმფრინავი კი მნიშვნელოვნად დაზიანებულია.
ქართული ავიაკომპანიების ხელმძღვანელებმა ჯერ არ იციან, როდის ექნებათ საშუალება, მდგომარეობა ადგილზე შეაფასონ იმის გათვალისწინებით, რომ უცნობია, როდის მოხდება კონფლიქტის დეესკალაცია სუდანში.
სუდანში რეგულარულ არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებები 15 აპრილის დილით დაიწყო, მას შემდეგ, რაც სწრაფი რეაგირების ძალებმა 13 აპრილს თავისი ქვედანაყოფები ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მეროეში (Merowe) განათავსეს, სუდანის არმიამ კი დაჯგუფებას ქალაქის დატოვება მოსთხოვა.
სუდანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შეტაკებების შედეგად 600-მდე ადამიანია დაღუპული. ჯანმომ კვირას განაცხადა, რომ დაიღუპა 459 ადამიანი და დაიჭრა 4.072.