თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 2023 წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,3% შეადგინა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
საშუალოდ პირველ კვარტალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 7,1% შეადგინა.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, ხოლო 2022 წელს, წინასწარი მონაცემებით – 10,1%.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის მარტში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მშენებლობის, ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობის, ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროებმა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობაში, ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სფეროებში.
რა გაიზარდა და რამდენით
ექსპორტის ზრდამ 2023 წლის მარტში 32,9% შეადგინა, იმპორტის – 33,4%. გასულ თვეში ქვეყანაში დაახლოებით 7,1 ათასი ახალი საწარმო დარეგისტრირდა – 22%-ით ნაკლები, ვიდრე გასული წლის მარტში.
დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვის მოცულობა 9,2%-ით გაიზარდა და ჯამში 11,3 მილიარდ ლარს გადააჭარბა, განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ პაატა შავიშვილმა ბრიფინგზე.
შავიშვილის თქმით, სამშენებლო სექტორში ზრდა ძირითადად უკავშირდებოდა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობას, ასევე სამოქალაქო მშენებლობას – გზებისა და ავტობანების, ხიდებისა და გვირაბების, ასევე სპეციალიზებულ სამშენებლო სამუშაოებს, როგორიცაა ელექტროტექნიკური და სამონტაჟო სამუშაოები.
მისი თქმით, მარტში დაახლოებით 11%-ით გაიზარდა სამშენებლო მასალების იმპორტი. გარდა ამისა, მიმდინარე წლის იანვარ–მარტში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რიცხვი 24,8%-ით გაიზარდა.
ზრდა ფინანსურ და სადაზღვევო სექტორებში ძირითადად განპირობებულია კომერციული ბანკების საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავლების გაზრდით.
ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში ზრდა დაკავშირებულია ძირითადად სატვირთო საგზაო ტრანსპორტის მომსახურების ზრდასთან, ასევე დასაწყობებასთან და დამხმარე სატრანსპორტო საქმიანობასთან.
ვაჭრობის სექტორში ზრდა განაპირობა ავტომობილებით, მისი სათადარიგო ნაწილებითა და აქსესუარებით ვაჭრობის მოცულობის ზრდამ. მარტში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი თითქმის სამჯერ გაიზარდა.
ამ სფეროში ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევია ყაზახეთის, სომხეთის, ყირგიზეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით.
ზრდის ტენდენციაა ასევე არასპეციალიზებულ მაღაზიებში: კვების პროდუქტებით, სასმელითა და თამბაქოთი ვაჭრობის, საცალო ვაჭრობის მიმართულებით. ამას გარდა, გაიზარდა სამშენებლო მასალებით, ფარმაცევტული საქონლითა და ელექტროხელსაწყოებით ვაჭრობის მოცულობა.
ხელოვნების, გართობისა და დასვენების სფეროში ზრდა ძირითადად სათამაშო კომპანიების ბრუნვის მოცულობის ზრდამ განაპირობა.
ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა ასევე სარესტორნო–სასტუმრო სექტორში. ამაზე იმოქმედა 2023 წლის იანვარ–მარტში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობის გაზრდამ – 9,6%-ით 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყანას 1.208 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია.