მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანა უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება

ავტოსადგურები და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორები ვალდებული იქნებიან, ავტოპარკები და ინფრასტრუქტურა 2025 წლის 1 მაისამდე მოაწესრიგონ.
Sputnik
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოში საქალაქთაშორისო მგზავრობის სისტემის რეფორმა იგეგმება – შესაბამისი კანონპროექტი ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა.
რეფორმა ითვალისწინებს როგორც ავტოსადგურების, ისე მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების ლიცენზირებას და მათ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას. საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება პარლამენტში მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი.

„მოლოდინია, რომ საშემოდგომო სესიისთვის აღნიშნული განხილვები დასრულდება და ამის შესაბამისად უკვე მომავალი წლის 1 მარტიდან დაიწყება აღნიშნული რეფორმის გარდამავალი ეტაპი, რაც გულისხმობს მგზავრთა გადაყვანის რეფორმის პირველი ფაზის განხორციელებას", – განუცხადა ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ერეკლე კეჟერაშვილმა „პირველ არხს".

ახალი კანონიდან გამომდინარე, მგზავრთა გადამყვან ოპერატორებს წარუდგენენ გარკვეულ პირველად მოთხოვნებს, რაც მათი აღრიცხვიანობის გაუმჯობესებას გულისხმობს, ანუ მათზე გაიცემა გარდამავალი ეტაპის ნებართვა.
გარკვეული მოთხოვნა დაწესდება ავტოსადგურების მიმართაც, რაც გულისხმობს მათი ინფრასტრუქტურის შესაბამისობაში მოყვანას. ამასთან, კეჟერაშვილის თქმით, მგზავრთა გადამყვანმა ოპერატორებმა და ავტოსადგურებმა მათი ავტოპარკი და ავტოსადგურები შესაბამის მდგომარეობაში უნდა მოიყვანონ 2025 წლის 1 მაისამდე.
მისი თქმით, ავტოსადგურების ამჟამინდელი მდგომარეობა თანამედროვე მოთხოვნებს არ შეესაბამება. არსებობს როგორც სანიტარიასთან, ისე უსაფრთხოებასთან და ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები.
საქართველოს მთავრობა ავტოსადგურების მოდერნიზაციას გეგმავს>>
რაც შეეხება მგზავრთა გადამყვან ოპერატორებს, პირველ ეტაპზე მათ უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია თავიანთი საქმიანობის, ავტოპარკის შესახებ, მათ შორის, უნდა უზრუნველყონ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულება.
ეს ნიშნავს, რომ მგზავრების გადაყვანისთვის გამოყოფილმა ყველა სატრანსპორტო საშუალებამ უნდა გაიაროს ტექდათვალიერება.

„ამ ზოგადი მოთხოვნების საფუძველზე გაიცემა ნებართვა, რაც უზრუნველყოფს, რომ მგზავრთა გადაყვანის სერვისი გაწეული იქნება მხოლოდ რეგისტრირებული ოპერატორების მხრიდან. ეს დღეის მდგომარეობით არსებულ სიტუაციას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს", – განმარტა კეჟერაშვილმა.

მისი თქმით, მეორე ეტაპზე, 2025 წლიდან დადგინდება სხვა მოთხოვნები მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან, საგზაო უსაფრთხოების მოთხოვნებთან დაკავშირებით. სამგზავრო ოპერატორებმა უნდა წარადგინონ ინფორმაცია მათი განრიგის შესახებ და რეისები ამ განრიგის შესაბამისად შეასრულონ.
ავტოსადგურები ვალდებული იქნებიან ისარგებლონ მხოლოდ იმ სამგზავრო ოპერატორების მომსახურებით, რომლებსაც სახელმწიფოსგან შესაბამისი ნებართვა ექნებათ.
თითოეული რეისის შემთხვევაში განრიგის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში, რომლის საფუძველზეც უნდა სრულდებოდეს მგზავრთა გადაყვანის სერვისი.
როგორც კეჟერაშვილმა განაცხადა, ავტოსადგურები სამ კლასად დაიყოფა და თითოეულს შესაბამისი მოთხოვნა წარედგინება.
საქართველოში ავტოსადგურები და ავტოსადგომები სავალალო მდგომარეობაშია - ექსპერტი>>
კერძოდ, პირველი კლასის ავტოსადგურიდან მოხდება როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა სამგზავრო რეისების განხორციელება, ხოლო მეორე და მესამე კლასის ავტოსადგურებიდან მხოლოდ შიდა სამგზავრო გადაყვანების განხორციელება.
პირველი კატეგორიის ავტოსადგურები დიდ ქალაქებში მოეწყობა, რომელთაც გამართული ექნებათ ყველა ისეთი ინფრასტუქტურული კომპონენტი, როგორიცაა საინფორმაციო ცენტრი, ბაქანი, ბილეთების გასაცემი სივრცე და სატრანსპორტო საშუალებებისთვის საპარკინგე ადგილები.

„რეისზე გასვლის წინ მძღოლებმა უნდა გაიარონ სამედიცინო და ალკოჰოლური შემოწმება. ტექნიკური ინსპექტირების საბუთთან ერთად, ყოველი მგზავრობის დაწყების წინ სატრანსპორტო საშუალება დამატებით შემოწმდება. ავტოსადგურის ადმინისტრაციას ეკისრება ვალდებულება, შეამოწმოს, არის თუ არა სატრანსპორტო საშუალება გამართული", – განაცხადა კეჟერაშვილმა.

რაც შეეხება მეორე და მესამე კლასის ავტოსადგურებს, მათ მიმართ, პირველ კლასთან შედარებით, უფრო გამარტივებული მოთხოვნები იქნება.
ამჟამად ქალაქებსა და სოფლებს შორის მგზავრების გადაყვანას კერძო კომპანიები ახორციელებენ, რომლებიც თავიანთი გრაფიკით მუშაობენ და გაჩერების ადგილსაც თავად ირჩევენ.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის განვითარება ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარების ნაწილია.
ტურიზმი საქართველოსთვის ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს. ამიტომ მთავრობა ცდილობს ახალი ტურისტების მოსაზიდად ამ მიმართულებას მაქსიმალური ყურადღება დაუთმოს.