თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. პრესტიჟულმა ბრიტანულმა ონლაინ-გამოცემა INDEPENDENT-მა, რომლის აუდიტორიაც თითქმის 100 მილიონ ადამიანს აღწევს, გამოაქვეყნა სტატია „ათი შთამაგონებელი იდეა აქტიური მოგზაურობისთვის“ და ბათუმი ზაფხულის ათ საუკეთესო ტურისტული მიმართულებების ჩამონათვალში შეიყვანა.
ბათუმი სიაში მეორე ადგილზეა, ათეულში შევიდა ისეთი ქალაქები, როგორიცაა ნანტერი (საფრანგეთი), ერისეირა (პორტუგალია), სავორი (მონტენეგრო) და ა.შ.
„ბათუმი, რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, თავისთავად არის კულტურის, გემოვნების, თავგადასავლებისა და ემოციების გზაჯვარედინი, რომელიც აერთიანებს შუა საუკუნეების ხიდებს, უძველეს კულტურულ არტეფაქტებს, მომხიბვლელ ტბებსა და ავთენტურ სტუმართმოყვარე სოფლებს", – ნათქვამია სტატიაში.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ბათუმი სიდიდით მეორე ქალაქია საქართველოში, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე.
ქალაქი სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს და თავისი 2-ათასწლიანი ისტორიის მანძილზე იქცა ისეთი ცნობილი მწერლების შთაგონების ადგილად, როგორებიც არიან ჯონ სტეინბეკი, კნუტ ჰამსუნი, ჟორჟ სიმენონი, ასევე ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებიც არიან ძმები ნობელები, ალფონს როტშილდი, ნათქვამია მასალაში.
„მსოფლიო დონის ქალაქის ცენტრში თავმოყრილია ძვირადღირებული სასტუმროები, საუკეთესო რესტორნები, სპორტული შენობები და ყველაფერი გაჯერებულია რეალური ემოციებით, კლასიკური ტრადიციების პატივისცემით და ხელოვნების მიმზიდველი ნიმუშებით. გადაუხვიეთ ჩვეულებრივი მარშრუტიდან და აღმოაჩინეთ უნიკალური ბათუმი“, – აღნიშნულია სტატიაში.
აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად ივნისის შუა რიცხვებში იხსნება. ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი იწყება ტრადიციული სლოგანით – „ზაფხული იწყება აქ".