თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველო ელოდება, რომ ევროკავშირი სამართლიანად და დამსახურების მიხედვით შეაფასებს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ. იმავე დღეს ევროპულმა საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.
„გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყნის პროგრესი სამართლიანად და დამსახურების მიხედვით შეფასდება და საქართველოც და ევროკავშირიც კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას იზეიმებენ", – განაცხადა დარჩიაშვილმა.
აღნიშნული განცხადება ქვეყნის პირველმა დიპლომატმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუსთან თბილისში შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. დარჩიაშვილის თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა ის მოცულობითი სამუშაო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით გასწია.
მინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება „გაამყარებს საქართველოს უპირობო კუთვნილებას ევროპისადმი და ჩვენს ქვეყანას გზას გაუხსნის ევროკავშირის წევრობისკენ“.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა ასევე გამართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მიესალმება პოლონეთის მხარდამჭერ განცხადებებს ყველა შესაძლო ფორმატში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
შემოდგომაზე ევროკომისია გამოაქვეყნებს შეფასების ანგარიშს, რომლის საფუძველზეც 2023 წლის ბოლოს ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს. საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო წლის ბოლოს – კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას.
მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ 2022 წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდა და განაცხადა, რომ საქართველომ შეასრულა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნათა უმეტესი ნაწილი და მიაღწია უფრო მეტ პროგრესს, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ.