თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველოში მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 2023 წლის პირველ კვარტალში 2,8%-ით გაიზარდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
უწყების მონაცემებით, 2023 წლის 31 მარტისთვის საქართველოში დარეგისტრირებული აქტიური სტატუსის მქონე ავტომობილების რიცხვმა 657,7 ათასი შეადგინა. ეს მონაცემი 2023 წლის 1 იანვრისთვის 629,7 ათასი იყო.
ავტომობილების საერთო რაოდენობიდან მესამედი თბილისშია რეგისტრირებული. ამასთან, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში დედაქალაქში დარეგისტრირებული ავტომობილების რიცხვმა 5,3%-ით მოიმატა და 193,3 ათასი შეადგინა.
საქართველოში მოძრავი ყველა მსუბუქი ავტომობილის 93,6% ფიზიკურ პირებზეა რეგისტრირებული. კომპანიებს ეკუთვნის მხოლოდ 41,7 ათასი ავტომობილი და ეს რაოდენობა 2023 წლის პირველ კვარტალში 1,1 ათასით გაიზარდა.