გადავწყვიტე წინამდებარე სტატიაში საფინანსო-ეკონომიკური სისტემის პირველი კვარტლის შედეგები შევაჯამო. რა გეჩქარება, რამდენიმე დღეში მაისი დაიწყება და ეგებ ცოტაც მოგეცადა? − დამცინავი ტონით მიმანიშნებს მკითხველი და შესაძლოა მართალიც იყოს. თუმცა, მოგეხსენებათ, ნათქვამია, დაცინვას კაცი არ მოუკლავსო. გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა და თხრობას რეპლიკაზე პასუხით განვაგრძობ.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ მიმდინარე წლის იანვარი-მარტის შედეგები გასული კვირის დასაწყისში გამოაქვეყნა და სხვადასხვა მონაცემებიც მხოლოდ მას შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი. ვფიქრობ, ლაკონურად და თანაც დამაჯერებლად განვმარტე. ასე რომ, დანაპირების შესრულებას შევუდგები. თანმიმდევრულად მივყვეთ.
ინფლაცია
ამ საკითხს ყოველი თვის დასაწყისში დეტალურად განვიხილავ ხოლმე და ახლა მოკლედ მოგახსენებთ. 2021 წლის ივლისიდან მოყოლებული წელიწად-ნახევრის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოში ორნიშნა ნიშნულს გასული წლის დეკემბერში ჩამოსცდა. პოზიტიური დინამიკა გაგრძელდა და მიმდინარე წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 9,4 პროცენტი, ხოლო თებერვალში 8,1 პროცენტი შეადგინა. მარტში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდა და 5,3 პროცენტის ნიშნულზე დაფიქსირდა. ასე რომ, პირველ კვარტალში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი საშუალოდ 9,4–5,3 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი 13,7–11,8 პროცენტი იყო. ინფლაციური წნეხის კლება საშინაო და საგარეო ფაქტორების შედეგია. ეს არის: საერთაშორისო ბაზრებზე სურსათსა და ნავთობზე ფასების შემცირება და ტრანსპორტირების გაიაფება, ხოლო ქვეყნის შიგნით – მონეტარული პოლიტიკისა და საბანკო-საკრედიტო რეგულაციების გამკაცრება.
ეროვნული ვალუტა
გასული წლის პირველ კვარტალში დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტა 3,08–3,10 ლარის ფარგლებში მერყეობდა. გაუფასურების რეკორდულ ნიშნულს ლარმა რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან ორიოდე კვირაში მიაღწია, როცა ერთი დოლარი 3,45 ლარს ფასობდა. მძიმე ვითარებაში ეროვნულმა ბანკმა საფინანსო ბაზარს დამატებით 40 მილიონი დოლარი მიაწოდა. ერთჯერადი ინტერვენცია ლარის კურსზე პოზიტიურად აისახა – ეროვნული ვალუტა დასტაბილურდა და თანდათან დადებითი ტენდენციაც გამოიკვეთა: თუ მანამდე ლარის მცირედით გამყარებას, მისივე მკვეთრად გაუფასურება მოსდევდა, გასული წლის უკვე მეორე ნახევრიდან მოყოლებული გამყარება–გაუფასურების თანაფარდობა გამყარების სასარგებლოდ შეიცვალა. მიმდინარე წელს დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტა 2,72 ლარის ნიშნულზე შეხვდა. მას შემდეგ პოზიტიური დინამიკა კვლავაც გრძელდება. შედეგად – ეროვნული ვალუტა ბოლო ექვსი წლის ისტორიულ მაქსიმუმზეა. ლარი ბოლოს მიმდინარე წლის 23 მარტს გაუფასურდა 0,14 თეთრით. იმ დღეს დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის კურსი 2,5768 ლარი გახდა.
საგულისხმოა, რომ BLOMBERG-ის სავაჭრო პლატფორმასა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში იმავე დღეს დოლარი შედარებით ნაკლებს − 2,5750 ლარს ფასობდა. ბოლო რამდენიმე დღეა ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,510–2,52 ფარგლებში მერყეობს, არადა, აკადემიურ წრეებში ამ პერიოდისთვის ეროვნული ვალუტის კურსს 2,6–2,7 ლარის ნიშნულზე პროგნოზირებდნენ. ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, ეროვნული ვალუტის გამყარება მიგრაციული და ტურისტული ნაკადის ზრდამ, უცხოეთიდან ფულადი გზავნილებისა და ექსპორტის მოცულობის მატებამ განაპირობა.
მონეტარული პოლიტიკა
ბოლო ორი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. 2021 წლის მარტიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით უწყებამ რეფინანსირების განაკვეთი 8,5 პროცენტიდან 11 პროცენტამდე გაზარდა, რაც მზარდი ინფლაციის შესაჩერებლად გადადგმული ნაბიჯი იყო. გასული წლის 30 მარტის შემდეგ ამ მიმართულებით ეროვნულ ბანკს ცვლილება არ შეუტანია. გამონაკლისი არც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიმდინარე წლის პირველი ორი სხდომა იყო. ანალიტიკურ წრეებში რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას 10 მაისის სხდომაზე ელოდებიან.
ექსპორტ-იმპორტი
მიმდინარე წლის იანვარი–მარტში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4.783,7 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 22,1 პროცენტით მეტია. „საქსტატის“ ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 24,7 პროცენტით გაიზარდა და 1.461,5 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 3.322,2 მილიონი დოლარია, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 21,0 პროცენტით მეტია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1.860,6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38,9 პროცენტია.
მიმდინარე წლის იანვარი–მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80,9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი − 216,9 მილიონი დოლარი, აზერბაიჯანი − 180,7 მილიონი დოლარი და რუსეთის ფედერაცია − 176,9 მილიონი დოლარი.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67,9 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი − 673,7 მილიონი დოლარი, რუსეთის ფედერაცია − 666,9 მილიონი დოლარი და ჩინეთი − 376,0 მილიონი დოლარი.
საანგარიშო პერიოდში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი 411,8 მილიონი დოლარით მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 28,2 პროცენტს შეადგენს. 205,7 მილიონი დოლარით მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები, რაც მთლიანი ექსპორტის 14,1 პროცენტია, ხოლო 81,8 მილიონი დოლარით მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები, რომლის წილიც მთლიან ექსპორტში 5,6 პროცენტია.
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი მსუბუქი ავტომობილების სახით იყო წარმოდგენილი. ამ სახეობის იმპორტმა 474,5 მილიონი დოლარი და მთელი იმპორტის 14,3 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს 251,5 მილიონი დოლარით და მთელი იმპორტის 7,6 პროცენტით ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს, ხოლო მესამე პოზიციაზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 225,0 მილიონი დოლარით, რაც მთელი იმპორტის 6,8 პროცენტს შეადგენს.
ტურიზმი
ანალიტიკოსთა შეფასებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შთამბეჭდავი იყო ტურიზმის აღდგენის დინამიკაც. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოში 1.208.462 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 109,6 პროცენტით მეტია და COVID-19-ის პანდემიამდე პერიოდის 74,7 პროცენტს შეადგენს.
განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ნაწილში.
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოში 845.332 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემის 95,8 პროცენტია, ხოლო გასულ წელთან შედარებით ზრდა 83,8 პროცენტს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ანალიტიკოსთა შეფასებით, მიგრაციული და ტურისტული ნაკადების მატების შედეგია ქვეყანაში სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების მომსახურებაზე გაზრდილი მოთხოვნა და, შესაბამისად, გაძვირება. საკმარისია ინფლაციის ბოლო ექვსი თვის სტრუქტურას გადავხედოთ და ვნახავთ, რომ გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფი ყველაზე უფრო გაძვირებული პროდუქტებისა და მომსახურების რეიტინგის პირველ სამეულშია. მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში კი წლიური გაძვირების პროცენტული მაჩვენებლებით რეიტინგს სათავეშიც ედგა.
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოში 845.332 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემის 95,8 პროცენტია, ხოლო გასულ წელთან შედარებით ზრდა 83,8 პროცენტს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ანალიტიკოსთა შეფასებით, მიგრაციული და ტურისტული ნაკადების მატების შედეგია ქვეყანაში სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების მომსახურებაზე გაზრდილი მოთხოვნა და, შესაბამისად, გაძვირება. საკმარისია ინფლაციის ბოლო ექვსი თვის სტრუქტურას გადავხედოთ და ვნახავთ, რომ გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფი ყველაზე უფრო გაძვირებული პროდუქტებისა და მომსახურების რეიტინგის პირველ სამეულშია. მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში კი წლიური გაძვირების პროცენტული მაჩვენებლებით რეიტინგს სათავეშიც ედგა.
ფულადი გზავნილები
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უცხოეთიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ 1.255,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსეთის ფედერაციიდან მიგრაციული ნაკადის ზრდამ განაპირობა და, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი მოცულობის თანხა − 615,94 მილიონი დოლარი სწორედ რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა.
ეკონომიკური ზრდა? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი და მართალიც იქნება, თუმცა ახალს ვერაფერს ვიტყვი. მარტის თვის სტატისტიკური მონაცემები ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალს, მთლიანი შიდა პროდუქტის წლიურმა ზრდამ 7,1 პროცენტი შეადგინა. იანვარში ეს მაჩვენებელი 8,4 პროცენტი იყო, ხოლო თებერვალში − 5,8 პროცენტი.
როგორ განვითარდება პროცესები საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაში, დრო გვიჩვენებს. უნდა ითქვას, რომ მოლოდინები პოზიტიურია. ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ინფლაციის კლებას, ეროვნული ვალუტის სტაბილურობას, უცხოური ინვესტიციების ზრდასა და, ზოგადად, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას პროგნოზირებენ.
სამსონ ხონელი