„ნაცმოძრაობა“ უნდა განეიტრალდეს: რა სურთ „ქართულ ოცნებაში“

თუ პარტიაში დაპირისპირება 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება, ეს გავლენას მოახდენს საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, განაცხადა დეპუტატმა.
Sputnik
თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება დაპირისპირება ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, მით უკეთესი ქვეყნისთვის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
დაპირისპირება „ნაცმოძრაობაში" მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ახალი ოფისი გახსნა და მიზეზად პარტიაში შექმნილი მძიმე ვითარება დაასახელა. მელიას მომხრეებმა ხაბეიშვილი წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს. მათ არ გამორიცხეს, რომ დღის წესრიგში ხაბეიშვილის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის ლეგიტიმურობის საკითხი დადგეს.
„ვიდრე „ნაცმოძრაობა“ ნომერ მეორე პოლიტიკური პარტიაა, სისტემა სწორი მიმართულებით ვერ განვითარდება. აქედან გამომდინარე, კარგია ის პროცესები, რაც „ნაცმოძრაობაში“ წარიმართება. რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება ეს დაპირისპირება, მით უკეთესია“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ შიდაპარტიული დაპირისპირება, სულ მცირე, 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება, რათა ეს ყველაფერი მაქსიმალურად აისახოს „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შედეგებზე.
„ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში ამ პოლიტიკური ძალის განეიტრალება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რათა ევროპული სისტემა ჯანსაღად განვითარდეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ მწვავდება >>
მმართველ პარტიაში უკვე რამდენიმე თვეა „ნაცმოძრაობის“ დაშლას აანონსებენ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, „ნაცმოძრაობა" პოპულარობით საქართველოში მეორეა, თუმცა მმართველ პარტიას დიდად ჩამორჩება.
ამასთან, დღეისათვის 2024 წლის ოქტომბერში არჩევნების შედეგების მიხედვით „ქართული ოცნების“ გარდა პარლამენტში მოხვედრის შანსი მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ აქვს. კონსტიტუციის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით და 5%-იანი გამსვლელი ბარიერით.