თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წლის პირველ კვარტალში ჰუმანიტარული სტატუსი და ლტოლვილის სტატუსი მისცა 49 უცხოელს, ხოლო გააძევა უცხო ქვეყნის 165 მოქალაქე, ნათქვამია საქართველოს შსს-ს მასალებში.
უწყების ცნობით, საქართველომ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა ორ უცხოელს – რუსეთის მოქალაქეს და გაურკვეველი მოქალაქეობის მქონე პირს. რაც შეეხება ჰუმანიტარულ სტატუსს, ის 47-მა უცხოელმა მიიღო, მათ შორისაა უკრაინის 39, ყაზახეთის სამი და დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე ხუთი პირი.
1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში სტატუსის მიღებაზე უარი ეთქვა 153 უცხოელს, ყველაზე მეტი უარი ირანის მოქალაქეებზე მოდის (48).
სტატუსის მინიჭებაზე უარის სიაშია ასევე თურქეთის 21 მოქალაქე, მიანმის 16, რუსეთის 9, ეგვიპტის 7 მოქალაქე და კიდევ 23 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები.
მთლიანობაში 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში თავშესაფარი ითხოვა 291-მა უცხოელმა. აქედან 68 უკრაინის მოქალაქეა, 49 – ირანის, 29 – თურქეთის, 24 – რუსეთის და 11 – ინდოეთის.
ვის აძევებს საქართველო
2023 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში საქართველომ ქვეყნიდან უცხოეთის 16 სახელმწიფოს 55 მოქალაქის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. გაძევებულთა ძირითადი წილი მოდის ირანის, აზერბაიჯანისა და ინდოეთის მოქალაქეებზე.