ჯერ კიდევ დროა პროგრესისთვის - საქართველოში ევროკავშირის ელჩი სასამართლო რეფორმაზე

საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
Sputnik
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. მოსამართლეების პროფესიონალიზმი, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მოსამართლეების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილების კომენტარისას.
5 აპრილს შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა.

„მოსამართლეების პროფესიონალიზმი, სრული დამოუკიდებლობა და მყარი, ჯანსაღი სასამართლო სისტემა 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია. ჩვენ ქართულ მხარესთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ რეფორმების განხორციელებაზე. სასამართლო სისტემის რეფორმაზე მუშაობა პარლამენტშიც მიმდინარეობს", – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ევროკავშირი მხარს უჭერს რეფორმებს, ხოლო საქართველოს მიერ ევროკავშირის გზაზე მიღწეული პროგრესის შეფასების თაობაზე ანგარიში მზად ოქტომბერში იქნება.
„შემდეგ კი, მიმდინარე წლის დეკემბერში 27 წევრი სახელმწიფო უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე შეაფასებს საქართველოს პროგრესს, მათ შორის, სასამართლო სისტემის რეფორმის კუთხით", – აღნიშნა დიპლომატმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
დეპუტატი: მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატორი აშშ-ის ელჩი აღმოჩნდა>>>
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
მოსამართლეების საკითხი
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა და მიიჩნევს, რომ მას არ აქვს უფლება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დახმარებით სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიოს.
„მტკიცებულებების გარეშე“ - „ხალხის ძალა“ მოსამართლეების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებზე>>>
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. „ეს ინფორმაცია და ბრალდებები ცნობილია მრავალი წელია", – განაცხადა დიპლომატმა.
ამავე დროს ელჩმა დეგნანმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, აღნიშნა მინისტრმა.