თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარტიის ახალი ხელმძღვანელობა ლევან ხაბეიშვილის მეთაურობით რეჟიმის დაწესებასა და რეპრესიებში დაადანაშაულა.
ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა ამასწინათ მოითხოვეს ხაბეიშვილის გადადგომა პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ განაცხადა, ბათუმის საკრებულოში ლაშა კილაბერიას შემცვლელთა სიიდან ამოშალეს მელიას მხარდამჭერები. ამის საპასუხოდ პარტიის მეორე წევრმა ლევან ანთაძემ განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ამოიღოს სიიდან ის, ვისაც საჭიროდ ჩათვლის. მისი სიტყვებით, ეს ადამიანები არ გამოხატავდნენ პარტიის ინტერესს და არ იქნებიან წარმოდგენილი საკრებულოში „ნაცმოძრაობიდან“.
„მაშინ როდესაც პარტიის ახალი მენეჯმენტი და მისი ჩრდილოვანი მმართველობა საუბრობს ერთობაზე და ამტკიცებს, რომ პარტიის კარები ღიაა ყველასათვის, ვისაც უნდა ბრძოლა ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ, თავად ამყარებს რეჟიმს! იწყებს რეპრესიას დევნის შიდა არჩევნების დროს გამოხატულ განსხვავებულ აზრს“, - დაწერა მელიამ სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ეს ღიად მიუთითებს, რომ მათთვის არ არიან მისაღები ადამიანები, რომელთაც აქვთ განსხვავებული პოზიცია, აჩვენებს ყველას, რომ მათთვის მისაღებია მხოლოდ მორჩილება.
„ამ ყველაფრით კი ბათუმში ფაქტობრივად ხალხს აგდებენ პარტიიდან, ხალხს, რომელიც 10 წელი ოპოზიციიდან დაუღალავად იბრძოდა და გაიმარჯვა ბათუმში! ეს ხალხი იბრძოდა ღირსებით და იბრძოდა სიმართლისათვის, ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ“, - წერს მელია.
ეს ნაბიჯები მიმართულია პარტიის გამიზნულად გახლეჩვისა და დასუსტებისაკენ, ოპოზიციური ბრძოლის დაზარალებისაკენ და უპასუხოდ ვერ დარჩება, აღნიშნა მელიამ.
„საქართველოს აქვს ევროპული მომავალი, ამისათვის კი ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ღირებულებითი არჩევანი და ვიაროთ ღირსებისა და სიმართლის გზით“, - წერს მელია.
მელიას მომხრეებმა ხაბეიშვილი წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს. მათ არ გამორიცხეს, რომ დღის წესრიგში ხაბეიშვილის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის ლეგიტიმურობის საკითხი დადგეს.
ხაბეიშვილმა პარტიის თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე საუბრებს არასერიოზული უწოდა და განაცხადა, რომ ის თავმჯდომარედ მაღალი ლეგიტიმაციით აირჩიეს და გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვა.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ უკვე რამდენიმე თვეა „ნაცმოძრაობის“ დაშლის პროგნოზს აკეთებენ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად, ეს პარტია პოპულარობით მეორე ადგილზეა, თუმცა მმართველ პარტიას ბევრად ჩამორჩება.
მმართველ პარტიაში უკვე რამდენიმე თვეა „ნაცმოძრაობის“ დაშლას აანონსებენ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, „ნაცმოძრაობა" პოპულარობით საქართველოში მეორეა, თუმცა მმართველ პარტიას დიდად ჩამორჩება.