თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. 2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 252,5 მლნ დოლარის ღირებულების 103 მლნ ლიტრამდე ღვინო, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალში ღვინოს მეხუთე ადგილი უკავია და მისი წილი მთლიანი ექსპორტის 4,5%-ს შეადგენს. ქართული ღვინის ძირითად იმპორტიორს წლებია რუსეთი წარმოადგენს.
„2022 წელი მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გამოწვევებით დაიწყო. რეგიონში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების გამო წლის პირველ ნახევარში ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა, თუმცა წლის მეორე ნახევრიდან მდგომარეობა დასტაბილურდა“, – განაცხადა შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ღვინის ექსპორტის რაოდენობა გაზრდილია სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთში (32%), აშშ-ში (28%), ლატვიაში (20%), გერმანიაში (34%), ესტონეთსა (53%) და იაპონიაში (68%).
2022 წელს ღვინის ექსპორტის მთლიანი მოცულობის 63,7% რუსეთში განხორციელდა, სადაც ჯამში 160,8 მლნ დოლარის ღირებულების 73,1 ათასი ტონა ღვინო გაიგზავნა.
გარდა ამისა, 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში 38 მლნ დოლარის ღირებულების 13,8 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო გავიდა, რაც 49,6%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ეწევა ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში.
2023 წელს ქართული ღვინო აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნების ბაზრებზე აქტიურად იქნება გამოფენილი. მსოფლიოს მასშტაბით ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის 2023 წლის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი გამოიყო, რაც გასულ წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით მეტია.
წარმატებული რთველი
ოთარ შამუგიას თქმით, საქართველოში რთველის სეზონი ორგანიზებულად ჩატარდა და ყველა ფერმერმა შეძლო მოსავლის შეუფერხებლად ჩაბარება.
„2022 წელს რთველში აქტიურად იყო ჩართული კერძო სექტორი, რაც სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით იქნა სტიმულირებული“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით მთლიანობაში 257 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი გადამუშავდა, ხოლო მევენახეების საერთო შემოსავალმა 270 მლნ ლარს მიაღწია.
მეღვინეობის დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით მთავრობამ ყურძნის მოსავლის სუბსიდირების პროგრამა 2022 წელსაც განახორციელა. აღნიშნული პროგრამა სახელმწიფოს დაახლოებით 100 მლნ ლარი დაუჯდა, თუმცა მობილიზებული იყო 150 მლნ ლარი.