თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ახმეტაში მეზობლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 17 აპრილს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა 2005 წელს დაბადებულმა ბ.ხ.-მ ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელს თავის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
1952 წელს დაბადებული ლ.ხ. მიყენებული დაზიანების შედეგად სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მათ მიერ ასევე ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღიც – სანადირო თოფი.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
წყარო - შსს