თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. მეცნიერები ყურადღებით აკვირდებიან კორონავირუსის ახალ შტამს Arcturus-ს, თუმცა ჯერჯერობით შეუძლებელია იმის პროგნოზირება, შეძლებს თუ არა იგი მსოფლიოში ეპიდსიტუაციის შეცვლას, განაცხადა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
წინასწარი მონაცემებით, „ომიკრონის" ქვევარიანტ Arcturus-ს გადამდებლობის სწრაფი უნარი აქვს, თუმცა, ვირუსის ამ ვარიანტით გამოწვეული დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.
ვირუსებს ახასიათებთ მუტაცია, მათ შორის კორონავირუსს, ამიტომაც ახალი შტამების და ქვეტიპების გაჩენაში განსაკუთრებული არაფერია, აღნიშნა სპეციალისტმა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და მეცნიერები აკვირდებიან ამ შტამებს და მათგან გამოყოფენ ერთს, რომელიც მეტ ყურადღებას იმსახურებს და პანდემიის მიმდინარეობაში შეუძლია გარკვეული ცვლილებები შეიტანოს, განაცხადა გოგინავამ.
შტამი Arcturus პირველად 2023 წლის იანვარში გამოვლინდა. უკვე მარტში მეცნიერებმა იგი აღიარეს როგორც შტამი, რომელიც საჭიროებს საფუძვლიან შესწავლას და მონიტორინგს, აღნიშნა სპეციალისტმა.
„ეს ნიშნავს, რომ მას აქვს პოტენციალი, გამოიწვიოს დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობა, ვიდრე წინა შტამების შემთხვევაში იყო, ან უფრო სწრაფად გავრცელდეს”, – განაცხადა გოგინავამ.
Arcturus-ის სიმპტომები
რაც შეეხება ახალი შტამის კლინიკურ გამოვლინებებს, იგი ჰგავს იმ სიმპტომებს, რომლებიც დამახასიათებელი იყო წინა შტამებისთვის, თუმცა აღენიშნება ერთი განმასხვავებელი თვისება – კონიუნქტივიტი.
1,5 თვის შემდეგ ახალი შტამის შესახებ მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი, შესაბამისად, შესაძლებელი იქნება საუბარი იმაზეც, თუ რამდენად გამოიწვევს იგი გლობალურ პრობლემებს, აღნიშნა სპეციალისტმა.
ინფექციონისტის თქმით, წინა შტამი „კრაკენი“ სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში, თუმცა მან პანდემიის მიმდინარეობაზე გლობალურად ვერ იმოქმედა. ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ექვსი თვის განმავლობაში პანდემია მართვადი იყო და ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდა არ დაფიქსირებულა.
სიტუაცია საქართველოში
რაც შეეხება საქართველოში არსებულ მდგომარეობას, ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია და შეიმჩნევა დადებითი დინამიკა: აპრილში ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია შეინიშნება.
„დადებითი დინამიკა როდემდე შენარჩუნდება, რთული სათქმელია, იგი დამოკიდებულია გლობალურ ეპიდსიტუაციაზე, ახალ შტამებსა და მათ თვისებებზე", – აღნიშნა გოგინავამ.
სპეციალისტის თქმით, საქართველოში ამჟამად „ომიკრონის“ სხვადასხვა შტამი ცირკულირებს. დაავადება უმეტეს შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს მაინც მეტი სიფრთხილე მართებთ.
ახალი Arcturus შტამი მსოფლიოს 29 ქვეყანაშია გავრცელებული, მათ შორის რუსეთში, აშშ-ში, სინგაპურში, ავსტრალიაში და სხვა ქვეყნებში.
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამით დაავადების შემთხვევები ჯერ არ დაფიქსირებულა.