ბანალური ჭეშმარიტებაა, მჯობნის მჯობნი, უკეთესზე უკეთესი არ დაილევა, მაგრამ უფალს იმისთვისაც მადლობა, რაც უკვე არის. უფალი ვახსენე და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, ქრისტე აღდგა! ვიცი, წინამდებარე სტატიის პირველ სენტენციას ბევრი არ გაიზიარებს და ბრძანებს, რომ ჩვენი ყოფის შემხედვარეს სამადლობელი არაფერი აქვს, მაგრამ ეგებ არ არის ასე?
კაცმა რომ თქვას, 2019 წლის დეკემბრის ბოლოდან მოყოლებული ჯერ COVID-19-ის პანდემიისა და შემდეგ რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირების შედეგად მთელი მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს ეკონომიკაში განვითარებული მძიმე, ნეგატიური პროცესების გათვალისწინებით, ვფიქრობ, დღეს არსებული ვითარების შეფასებისას აუგი ნამდვილად არ გვეთქმის. მეტიც, უკეთესს ძნელად თუ ინატრებდა კაცი. კი, მაგრამ, რას გულისხმობ? − სავარაუდოდ, ჩამეძიება მკითხველი. მაოცებთ, როგორ თუ რას, აბა, რომელი ერთი ჩამოვთვალო?! − კითხვაზე კითხვითვე მივუგებ და დავკონკრეტდები.
დანახვა უნდა. თავად განსაჯეთ, ინფლაცია იკლებს – თუ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრის დასაწყისში ინფლაცია ორნიშნა ნიშნულზე იყო, ოთხი თვის თავზე მიზნობრივ მაჩვენებელზე მხოლოდ 2,3 პროცენტით მეტია. შეგახსენებთ, მარტში წლიური ინფლაციის დონე 5,3 პროცენტი იყო. ოპტიმისტურია მომავლის პროგნოზიც. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში, ანალიტიკურ წრეებში და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში ვარაუდობენ, რომ დადებითი ტენდენცია მოკლე და საშუალოვადიან პერიოდშიც გაგრძელდება. კერძოდ, მომდევნო თვეებში წლიური ინფლაცია საშუალოდ 5,0–5,5 პროცენტის ფარგლებში იქნება და შემოდგომაზე მიზნობრივ მაჩვენებელს მაქსიმალურად მიუახლოვდება. ხოლო ყველაზე არასასურველი სცენარით მიმდინარე წლის ბოლოსთვის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 4,7 პროცენტის ნიშნულს დაიკავებს.
ბოლო პერიოდში არაერთხელ მითქვამს, რომ ინფლაციის ტემპის შემცირება საგარეო და საშინაო ფაქტორებმა განაპირობა. აღარ ჩამოვთვლი და მხოლოდ ერთს ვიტყვი, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ის მთავარი ბერკეტი იყო, რამაც ინფლაციური პროცესი მოთოკა. ამასთან, რეფინანსირების განაკვეთის დროის ერთწლიან მონაკვეთში თანდათან 2,5 პროცენტით გაზრდამ საკრედიტო რესურსი გააძვირა და ეკონომიკურ აქტივობაზე ნეგატიურად იმოქმედა. ამიტომაც ანალიტიკურ წრეებში ახლა მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ ინფლაციის ტემპის არსებული და მოსალოდნელი კლების ფონზე ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას შეარბილებს. მათი ვარაუდით, არ არის გამორიცხული, რომ ეს პროცესი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის უახლოეს, 10 მაისს დაგეგმილ სხდომაზეც დაიწყოს.
ეროვნული ბანკი ვახსენეთ და მართალი არ ვიქნებით, ორიოდე სიტყვით ეროვნული ვალუტის საამაყო თავგადასავალიც არ გიამბოთ. შეგახსენებთ, რომ გასული წლის იანვრის პირველ დღეებში ეროვნულ ვალუტას დოლარის მიმართ 3,08 ლარის ნიშნული ეკავა. რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირებიდან მალევე ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდა და მარტის თვის პირველ დეკადაში ერთი დოლარი რეკორდულად ძვირს, 3,45 ლარს ფასობდა. სავალუტო ბაზარზე შექმნილი პანიკა ეროვნულმა ბანკმა ერთჯერადი ინტერვენციით დააშოშმინა, როდესაც საფინანსო ბაზარს დამატებით 40 მილიონი დოლარი მიაწოდა. მას შემდეგ მოყოლებული ეროვნული ვალუტა მხოლოდ მყარდება. გასული წლის ბოლოს დოლარის მიმართ კურსი 2,70–2,73 ლარის ფარგლებში იყო. მიმდინარე წლის დასაწყისიდან კი ეროვნული ვალუტა შეუქცევადად, სწრაფი ტემპით მყარდება და ახლა ბოლო ექვსი წლის ისტორიულ მაქსიმუმზეა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს შედეგი მიგრაციული და ტურისტული ნაკადის ზრდამ, ასევე ფულადი გზავნილების მოცულობის რეკორდულმა მატებამ განაპირობა.
ისტორიულ მაქსიმუმზე არის ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებიც. მიმდინარე წლის 31 მარტის მდგომარეობით, ის 5 მილიარდი ამერიკული დოლარია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 973 მილიონი დოლარით, ანუ 24 პროცენტით მეტია. ანალიტიკოსთა შეფასებით, სავალუტო რეზერვების რეკორდულად ზრდა მთავრობისა და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციების, ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვის შედეგია. ბოლოს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების ისტორიული მაქსიმუმი 2022 წლის 31 დეკემბერს დაფიქსირდა, როდესაც ის 4,9 მილიარდი დოლარი იყო. ანალიტიკურ წრეებში განმარტავენ, რომ სავალუტო რეზერვების მოცულობა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინდიკატორია და მას ეკონომიკური კრიზისების პირობებში სახელმწიფო ვალუტის დასტაბილურება შეუძლია.
რეკორდულ ნიშნულზეა ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობაც. მიმდინარე წლის თებერვალში ის 372,3 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც 103 პროცენტით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. გზავნილების სტატისტიკაში რუსეთს პირველ პოზიცია უკავია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამ ქვეყნიდან 187,34 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. რუსეთიდან ჩარიცხული თანხის მოცულობის წლიური ზრდის ტემპი 753,72 პროცენტია.
არ მეპატიება – ფინანსებით გავერთე და ეკონომიკური ზრდის ტემპზე ჯერ არაფერი მითქვამს. გასული წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულეთ, რაც რეგიონსა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. ანალიტიკოსთა შეფასებებით, გლობალურად რეცესიული რისკების ზრდის მიუხედავად, გარე ფაქტორების წყალობით გასული წელი საქართველოსთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მათი თქმით, ბოლო პერიოდში ეკონომიკური ზრდის ტემპი, სამწუხაროდ, შენელდა, რაც ძირითადად საგარეო ფაქტორებით არის გამოწვეული.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური ზრდა 5,8 პროცენტამდე შენელდა. იანვარში ეს მაჩვენებელი 8,4 პროცენტი იყო. ჯამურად მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ეკონომიკა წლიური 7,1 პროცენტით გაიზარდა, რაც გასული წლის მაღალი საბაზისო მონაცემების გათვალისწინებით, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. არც პროგნოზია ურიგო. მსოფლიო მასშტაბით მაღალი ინფლაციისა და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გათვალისწინებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ანალიტიკური წრეების და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 4-6 პროცენტის ფარგლებში გაიზრდება.
ერთი სიტყვით, საქართველოს საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაში ბოლო პერიოდში პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა, თუმცა მოულოდნელი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ უკანასკნელი ორი-სამი წლის გლობალურმა გამოწვევებმა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას მძიმე დაღი დაასვა, რაც, ბუნებრივია, მოსახლეობის ყოფაზე ნეგატიურად აისახა და კიდევ უფრო გაუარესდა სოციალური ფონი.
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2018-2022 წლებში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 48 პროცენტით, 439 ათასიდან 648 ათასამდე გაიზარდა. შესაბამისად, ამავე პერიოდში მთლიანი ბიუჯეტის ხარჯებში 37 პროცენტიდან 40 პროცენტამდე გაიზარდა სოციალური პროგრამების ხარჯების წილიც. 2018-2022 წლებში საშუალო თვიურმა საარსებო შემწეობამ ერთ ოჯახზე 163 ლარიდან 256 ლარამდე, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმმა 292 ლარიდან 314 ლარამდე მოიმატა.
დასკვნის სახით: ეკონომიკის განვითარების პოზიტიური დინამიკა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე მხოლოდ ციფრებით გამოისახება და ამ სიკეთეს მოსახლეობა ჯეროვნად ჯერ კიდევ ვერ აღიქვამს. კი, მაგრამ, რატომ? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი და აბა, რა გითხრათ? ვეჭვობ, პრობლემა მოსახლეობის აღქმის უნარში იყოს...
სამსონ ხონელი