თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. ოპოზიცია ბრიტანული ტელეკომპანია BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ თანდათან ემიჯნება საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს, განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
ВВС აცხადებს, რომ საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან კეზერაშვილი დგას. თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლის იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ. საუბარია დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის მითვისებაზე. ВВС-ს ფილმში კეზერაშვილს „ქოლ-ცენტრების“ დამფუძნებლად მოიხსენიებენ და მას ახსენებენ, როგორც „მისტერ ოფშორს“.
„საბოლოოდ BBC-მ დააგვირგვინა, რომ მან არა მხოლოდ ქართული ბიუჯეტი, არამედ ევროპელი პენსიონერების ფულიც კი აიღო. ოპოზიციაშიც აქედან გამომდინარეობს ის ფაქტი, რომ უკვე ნელ-ნელა ყველა ემიჯნება ბატონ კეზერაშვილს", – განაცხადა მაჭარაშვილმა.
დეპუტატმა გაიხსენა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ უკვე დაამტკიცა კეზერაშვილის ბრალეულობა და ყველა, მათ შორის ოპოზიციაც, აღიარებს, რომ მან გაძარცვა თავდაცვის სამინისტრო.
დავით კეზერაშვილი 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (2012) მან ქვეყანა დატოვა.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ დიდი ხანია აცხადებენ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კეზერაშვილი აფინანსებს და ის ოლიგარქია.
სკანდალური გამოძიება
BBC-ს ჟურნალისტური გამოძიება მოიცავს ინტერვიუებს დანაშაულებრივი სქემის არაერთ მსხვერპლთან და იმ კომპანიების ყოფილ თანამშრომლებთან, რომლებიც თაღლითობით იყვნენ დაკავებული ქოლ-ცენტრების მეშვეობით. ბრიტანული მაუწყებელი ამტკიცებს, რომ ფლობს პენსიონერთან ქოლ-ცენტრის თანამშრომლის საუბრის აუდიოჩანაწერს, რომელიც დასათაურებულია როგორც „უილიამი შვედეთი მოტყუებულია“. კომპანია ამ აუდიოჩანაწერს დღემდე იყენებს ახალი თანამშრომლების ტრენინგებზე.
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი“.
ამ ჯგუფის ერთ-ერთი საინვესტიციო კომპანია ესპანურ ფეხბურთის კლუბსაც კი აფინანსებდა და რეკლამებს აქვეყნებდა დიდ გაზეთებში, რითაც პოტენციური ინვესტორების ნდობას მოიპოვებდა.
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის“ ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
„პანამის დოკუმენტების“ თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში“ შედიან.
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე“ არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რამე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის“ მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.
გარდა ამისა, კეზერაშვილის კუთვნილმა რამდენიმე კომპანიამ გამოიყენა კერძო საფოსტო სერვერი, რომლითაც მხოლოდ „მილტონის ჯგუფი“ სარგებლობდა. მისი ვენჩურული ფირმა Infinity VC ფლობდა კომპანიების ბრენდინგსა და ვებ-დომენებს, რომლებიც თაღლითებს სავაჭრო პლატფორმების ტექნოლოგიებს აწვდიდნენ.
კეზერაშვილი ასევე ფლობს საოფისე შენობას კიევში, რომელშიც განთავსებული იყო როგორც თაღლითური ქოლ-ცენტრი EverFX, ისე ტექნიკური ფირმები, რომლებიც პროგრამულ უზრუნველყოფას აწვდიდნენ. აქ პოლიციამ ჩხრეკა 2022 წლის ნოემბერში ჩაატარა.
უფრო მეტიც, კეზერაშვილი სოციალურ ქსელებში თავის პირად აკაუნტებში ხშირად უწევდა რეკლამას თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს.