თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს 45 წლის წინ თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები გაიმართა, რომელთა შედეგად საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა. საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.
„თითოეული ჩვენგანისთვის ქართული ენა იდენტობის განუყოფელი ნაწილია და ის უმთავრეს როლს ასრულებს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში. ისტორიას ამის ბევრი მაგალითი ახსოვს – ჩვენს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე სწორედ 1978 წლის 14 აპრილია, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ“, – განაცხადა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩვენი თანამემამულეების ერთსულოვნებისა და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. სწორედ ამ ძალიან საამაყო და მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდება 14 აპრილის ქართული ენის დღედ გამოცხადება, აღნიშნა ახვლედიანმა.
„დღეს ჩვენს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ჩვენი თანამემამულეების მონაპოვრის შენარჩუნება და სახელმწიფო ენის სწავლების გაუმჯობესების ხელშეწყობა. ამ მიმართულებით სამინისტრო კვლავაც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას“, – განაცხადა ამილახვარმა.
ღონისძიებას 1978 წლის 14 აპრილს განვითარებული მოვლენების მომსწრე და თვითმხილველი ენათმეცნიერებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული ენის მეცნიერული კვლევისა და სწავლების საქმეში. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში განათლების მინისტრმა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ქართული ენის სწავლებასა და კვლევაში გაწეული განსაკუთრებული წვლილისათვის სამი ღვაწლმოსილი მეცნიერი – მზექალა შანიძე, დამანა მელიქიშვილი და ჟუჟუნა ფეიქრიშვილი დააჯილდოვეს.
ღონისძიების ფარგლებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები გადასცეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ იმ სტუდენტებს, რომლებმაც 2022-2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს.
მინისტრებმა სიმბოლური საჩუქრებით ასევე დააჯილდოვეს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ის ოთხი კურსდამთავრებული, რომლებმაც ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (1+4) წარმატებით დასრულების შემდგომ სწავლა გააგრძელეს ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამაზე და დღეისათვის თავად ასწავლიან არაქართულენოვან სკოლებში ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.
საჩუქრები ასევე გადაეცათ აზერბაიჯანული და სომხურენოვანი სკოლების კურსდამთავრებულებს, რომლებმაც მაღალი შეფასებები დაიმსახურეს და ერთიანი ეროვნული გამოცდებით განსაზღვრული სამი სავალდებულო საგნის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე ფინანსდებიან სახელმწიფო სასწავლო გრანტით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მესამე ბიულეტენის პრეზენტაცია. გარდა ამისა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მოხალისეთა პროგრამის ბენეფიციარებმა საზოგადოებას საკუთარი პროექტები წარუდგინეს, რისთვისაც ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ისინი სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა.
ღონისძიებაზე სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის გამოცემებს. ამასთან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარებმა ჩაატარეს კალიგრაფიის მასტერ-კლასი და დედაენის თემატიკაზე შესრულებული ხელნაკეთი წიგნები წარმოადგინეს.