თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ოპოზიციამ უნდა გადახედოს ბრძოლის მეთოდებს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისგან პოლიტიკურად დისტანცირდეს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ბრიტანული ტელეკომპანია BBC-ს მიერ გავრცელებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით.
ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების მასალებში ნათქვამია, რომ საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან კეზერაშვილი დგას. გამოცემა აქვეყნებს მტკიცებულებებს და აუდიოჩანაწერებს, თუ როგორ ძარცვავდნენ ევროპელ პენსიონერებს ე.წ. ქოლ-ცენტრები. საუბარია დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის მითვისებაზე.
ხვიჩიას თქმით, BBC-ს ნებისმიერ გადაცემას, სადაც ასე თანმიმდევრულად არის ლოგიკური დასაბუთებები, შეიძლება არ ჰქონდეს სასამართლო გადაწყვეტილების ძალა, მაგრამ მინიმუმ ისეთი ძალა მაინც აქვს, რომ გაიაზრო ბრძოლის მეთოდები, რადგან BBC-ს გააჩნია რეპუტაცია.
„ოპოზიციას ვურჩევდი, რომ გაემიჯნოს ბატონ კეზერაშვილს პოლიტიკურად ამ პროცესში, იმიტომ რომ ეს დააზიანებს ხელისუფლების ცვლილების პროცესს ქვეყანაში", – განაცხადა ხვიჩიამ ჟურნალისტებთან.
დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ კეზერაშვილის შესახებ გამოქვეყნებული მასალა სათანადო ყურადღებას მოითხოვს.
„BBC ძალიან მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი მაუწყებელია. ეს ნიშნავს, რომ ამ საგამოძიებო მასალაში მოცემული ინფორმაცია მოითხოვს ყურადღებას. მას (კეზერაშვილს) ექნება შესაძლებლობა დაამტკიცოს თავისი პოზიცია სასამართლოში“, – განაცხადა დეკანოიძემ.
რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზული ბრალდებები სერიოზული რეპუტაციის მქონე მედიის მხრიდან, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
„ნებისმიერი მედია-დონორის და, ზოგადად, დონორის გავლენა ამ ფორმით, ასეთი მეთოდებით – კარნახით და რჩევებით პოლიტიკურ პროცესზე, პოლიტიკურ სისტემაზე, არის საფრთხე ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის", – განაცხადა ბოკერიამ.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ აშშ-ს კეზერაშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კეზერაშვილი ევროპელი პენსიონერებისგან მოპარულ ფულს ქართულ ოპოზიციაზე, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ხარჯავს.
თავად კეზერაშვილმა კატეგორიულად უარყო რაიმე სახით მისი მონაწილეობა საერთაშორისო თაღლითურ სქემაში, რომელზეც BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაშია საუბარი.
სკანდალური გამოძიება
BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლის იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ. გამოცემის ცნობით, ამგვარ თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი“.
ამ ჯგუფის ერთ-ერთი საინვესტიციო კომპანია ესპანურ ფეხბურთის კლუბსაც კი აფინანსებდა და რეკლამებს აქვეყნებდა დიდ გაზეთებში, რითაც პოტენციური ინვესტორების ნდობას მოიპოვებდა.
BBC-ს ჟურნალისტური გამოძიება მოიცავს ინტერვიუებს დანაშაულებრივი სქემის არაერთ მსხვერპლთან და იმ კომპანიების ყოფილ თანამშრომლებთან, რომლებიც თაღლითობით იყვნენ დაკავებული ქოლ-ცენტრების მეშვეობით. ბრიტანული მაუწყებელი ამტკიცებს, რომ ფლობს პენსიონერთან ქოლ-ცენტრის თანამშრომლის საუბრის აუდიოჩანაწერს, რომელიც დასათაურებულია როგორც „უილიამი შვედეთი მოტყუებულია“. კომპანია ამ აუდიოჩანაწერს დღემდე იყენებს ახალი თანამშრომლების ტრენინგებზე.
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი.
„პანამის დოკუმენტების“ თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში“ შედიან. ეს კომპანიები ჯერ კიდევ „მილტონის ჯგუფის“ შექმნამდე არსებობდა.
BBC-ს მტკიცებით, ამ კომპანიების კვალი კეზერაშვილთან მიდის.
ვინ არის დავით კეზერაშვილი
დავით კეზერაშვილი 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (2012) მან ქვეყანა დატოვა.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
კეზერაშვილმა, რომელიც საქართველოში დიდი ხანია არ ჩამოსულა, 2019 წელს ტელეარხი „ფორმულა" დააარსა. ეს არხი ერთ-ერთია სამი ახალი ტელეკომპანიიდან, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას მკვეთრად აკრიტიკებენ. მმართველი პარტია მათ „ნაცმოძრაობის“ პრეს-სამსახურს უწოდებს.
მმართველ პარტიაში უკვე დიდი ხანია აცხადებენ, რომ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კეზერაშვილი აფინანსებს და მას ოლიგარქად მოიხსენიებენ.