თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის 18 აპრილს დაგეგმილი ვიზიტი სტრასბურგში გადაიდო, იუწყება საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
კონკრეტული მიზეზები მითითებული არ არის.
31 მარტს პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიწვევა მიიღო ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასგან და ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას გეგმავს.
როგორც მაშინ პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ევროპელ დეპუტატებს სიტყვით 2010 წელს მიმართა (იმ დროს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო).
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი გამოსვლა ევროპარლამენტში ადვილი არ იქნება, მაგრამ „აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ".
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მან გადაწყვიტა აქტიურად ჩაერთოს პროცესში და ხელი შეუწყოს ერთობლივ და კონსოლიდირებულ მუშაობას, რათა ერთობლივად იქნას მიღწეული ისეთი რეალური შედეგი, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მოუტანს.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.