თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა უარყო კავშირი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან, რომლის დეტალები BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაშია მოყვანილი. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ВВС ამტკიცებს, რომ სწორედ კეზერაშვილი დგას საერთაშორისო თაღლითური სქემის, „ქოლ-ცენტრების“ უკან. გამოცემა აქვეყნებს მტკიცებულებებს და აუდიოჩანაწერებს, თუ როგორ ძარცვავდნენ ევროპელ პენსიონერებს ე.წ. ქოლ-ცენტრები.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ ევროპაში მცხოვრებ პენსიონერებს და თითქოსდა მომგებიანი კაპიტალდაბანდების განხორციელებას სთავაზობდნენ, სინამდვილეში კი მათ ფულს ისაკუთრებდნენ. საერთო ჯამში საუბარია ერთ მილიარდ დოლარზე მეტ თანხაზე.
„მინდა კიდევ ერთხელ მოკლედ განვაცხადო, რომ არა მაქვს და არც არასდროს მქონია კავშირი BBC-ს პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხთან“, – დაწერა კეზერაშვილმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი მიაჩნია მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის მედიასაშუალებად, მას გამოცემასთან ბევრი შეკითხვა აქვს.
„აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა მსგავს სქემებში, ამიტომ არ ვაპირებ უყურადღებოდ დავტოვო ის ზიანი, რასაც ეს მასალა მე მაყენებს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩემ წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება პოლიტიზებული მართლმსაჯულება“, – დაწერა კეზერაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შეტევები ხორციელდება მის მიერ დაფუძნებული ტელეარხ „ფორმულაზე“, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებშიც აისახება.
კეზერაშვილმა აღნიშნა, რომ გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რათა ფაქტების უზუსტობა, ასევე მათი არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული დაშვებების სიმცდარე დაადასტუროს. გარდა ამისა, ექს-მინისტრი მზად არის ითანამშრომლოს ევროპის საგამოძიებო სტრუქტურებთან „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე.
„მზად ვარ ე.წ. ქოლ-ცენტრების თემაზე ევროპული ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის, მით უმეტეს, რომ ჩემი, როგორც პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი პირის საცხოვრებელი ადგილი სწორედ დიდი ბრიტანეთია, რომლის მართლმსაჯულების სისტემის სანდოობაში ეჭვი არავის ეპარება“, – დაწერა კეზერაშვილმა.
პარალელურად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ აშშ-ს კეზერაშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ უკვე მოუწოდა. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კეზერაშვილი ევროპელი პენსიონერებისგან მოპარულ ფულს ქართულ ოპოზიციაზე, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ხარჯავს.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
დავით კეზერაშვილი
© AFP 2024 / ANNE-CHRISTINE POUJOULAT
BBC ამტკიცებს, რომ თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 125 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals. ჟურნალისტური გამოძიების ვერსიით, ეს კომპანიები იმ საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილია, რომელიც პოლიციისთვის ცნობილია როგორც „მილტონის ჯგუფი“.
ამ ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი საინვესტიციო კომპანია ესპანურ საფეხბურთო კლუბსაც კი უწევდა სპონსორობას და ათავსებდა რეკლამას მსხვილ გაზეთებში, რითაც პოტენციური ინვესტორების ნდობის მოპოვებას ახერხებდა.