თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს მოუწოდა, ვაშინგტონმა სანქციები შემოიღოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ BBC-ს სკანდალური გამოძიების შედეგების გამო, რომელიც საერთაშორისო თაღლითურ სქემას ეხება.
სანქციების თემა საქართველოში აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის".
რაც შეეხება კეზერაშვილს, ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების მასალებში ნათქვამია, რომ ის დგას საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან. გამოცემა აქვეყნებს მტკიცებულებებს და აუდიოჩანაწერებს, თუ როგორ ძარცვავდნენ ევროპელ პენსიონერებს ე.წ. ქოლ-ცენტრები.
„მივმართავ ქალბატონ დეგნანს, დაასანქცირეთ ეს ადამიანი. ჩვენი მთავარი პარტნიორის, ჩვენი, თქვენი – ამერიკელების პარტნიორია ბრიტანეთი, დასკვნა დაიდო, რომ ეს კაცი არის მძარცველი, ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს და ეს ადამიანი თურმე აქ, საქართველოში მედიებს აფინანსებს და, როგორც თვითონ თქვა, პოლიტიკურ პარტიებს. ქალბატონო კელი, ეს დემოკრატიას არ წაადგება და თქვენ ხომ დემოკრატიას მხარს უჭერთ ჩვენს ქვეყანაში?!“ – განაცხადა ზარქუამ.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ს მიერ დაწყებული გამოძიება ოფიციალურ სახეს მიიღებს.
ზარქუამ ასევე მიმართა ევროპარლამენტის რამდენიმე დეპუტატს, რომლებიც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლონ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ხოლო დავით კეზერაშვილს, პოლიტიკოსის თქმით, „მედიადევნილს" უწოდებენ.
„გეკითხებით, ბატონო კუბიულიუს, ფოტიგა, ქალბატონო ანა, გამოდით და თქვით, აბა, რომ კეზერაშვილი არის თურმე მედიადევნილი და პოლიტდევნილი სააკაშვილთან ერთად. ხედავთ, რა სამარცხვინოები გახდით?!" – განაცხადა ზარქუამ.
ევროპარლამენტის ხსენებულმა დეპუტატებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე გაათავისუფლონ სააკაშვილი. მათ მხარი დაუჭირეს ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებდა მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებისკენ და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დადებისკენ.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
კეზერაშვილი არის ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის“ დამფუძნებელი.