ავტომატები, ვაზნები, ტროტილი, ნარკოტიკები - პოლიციამ 16 პირი დააკავა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით ნარკოტიკული საშუალებების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 16 პირი დააკავეს, ერთი კი ამხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 30-დან 80 წლამდეა, ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების ოპერაცია თბილისში, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის და კახეთის რეგიონებში ჩატარდა. აღნიშნულ პირთა შორის წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირებიც არიან.
უწყების ცნობით, დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად სულ ამოღებულია: 9 პისტოლეტი, 2 რევოლვერი, 3 ავტომატი, კარაბინი, შაშხანა, 8 მჭიდი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 1860 ვაზნა, ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, Ф-1 ტიპის ხელყუმბარის კორპუსები სასკდომი მუხტით, 4 ამფეთქი ფალია, 2 გადაჭრილი სანადირო თოფი, ასევე, ნარკოტიკული საშუალებები.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, ასევე, 260-ე მუხლით მიმდინარეობს.