საქართველოს ხელისუფლება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას აძლიერებს

მთავრობის მიერ შემუშავებული ღონისძიებები ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემური გაძლიერებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, ნათქვამია განცხადებაში.
Sputnik
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უძღვებოდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გეგმაში გათვალისწინებულია ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების მიზნით საქართველოს პარლამენტში ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული წინადადებები.

„აღნიშნული გეგმით განსახორციელებელი ღონისძიებები ორგანიზებული დანაშაულის, „ქურდული სამყაროსა” და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემური გაძლიერების, ასევე კიბერდანაშაულის პრევენციისა და გამოძიების ეფექტიანობის ამაღლების წინაპირობაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
წყარო - საქართველოს მთავრობის პრესსამსახური