თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეების დასაქმების შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის დეფიციტის პირობებში, განაცხადა საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
საქართველოს ბიზნეს-ასოციაციისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა შრომითი ბაზრის მიმდინარე გამოწვევებზე, პასიური სამუშაო ძალის გააქტიურებასა და პოტენციურ სამუშაო ძალასთან ბიზნესის პირდაპირ კომუნიკაციაზე იმსჯელეს.
„მოხარულნი ვართ, რომ დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა დეტალურად გააცნეს ბიზნესსექტორს მათი სერვისები, განსაკუთრებით საინტერესო იყო სოციალურად დაუცველთა დასაქმების შესაძლებლობების გაცნობა“, - განაცხადა ვეფხვაძემ.
შეხვედრის ფარგლებში სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს სააგენტოს საქმიანობა და არსებული სერვისები გააცნო. საუბარი შეეხო როგორც დასაქმების, ასევე კვალიფიკაციის ამაღლებასა და ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოციალურად დაუცველთა დასაქმებაზე. ნინო ველთაურმა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო შრომის ბაზარზე სოციალურად დაუცველთა გააქტიურების ოთხწლიანი გეგმა და მასთან დაკავშირებული საკითხები.
შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში, რომლის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს დასაქმების და კადრების მოზიდვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე.
საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია 2009 წელს დაარსდა და აერთიანებს ქვეყნის 600-ზე მეტ წამყვან კომპანიას, მათ შორის ბანკებს, ავტოგასამართი სადგურების ქსელებს, სააფთიაქო ქსელებს, სამშენებლო კომპანიებს, საკომუნიკაციო კომპანიებს, ასევე დიდი სუპერმარკეტების ქსელებს.
BAG ინდექსის კვლევის თანახმად, კადრების დეფიციტი ბიზნეს-სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სახელდება.
სოციალურად დაუცველების დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის 1 მარტს დაიწყო. მასში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წელს ზემოთ შრომისუნარიან მოქალაქეებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 120.000-ს არ აჭარბებს და რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ.
2022 წელს დასაქმების სააგენტოს ხელშეწყობით ღია შრომის ბაზარზე 12.645 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა.