თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა 500 საწოლზე იქნება გათვლილი და პაციენტებს ძირითადი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფს.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამშრომლებისა და მოწვეული სტუმრებისთვის სამედიცინო დაწესებულების განახლების კონცეფციის პრეზენტაცია გამართა.
კონცეფციის თანახმად, კლინიკის ბაზაზე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულება, გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვ.
პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ მრავალი ევროპული ქვეყნის პრაქტიკის შესაბამისად, აუცილებელია სახელმწიფო, ცენტრალური, მულტიფუნქციური კლინიკის არსებობა ქალაქის ცენტრში.
ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა იქცევა რეგიონულ ჰაბად, რომელიც ქვეყნისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კონცეპტუალურად გულისხმობს მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციას კლინიკურ აქტივობებში და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას.
რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა
კლინიკა აშენდა და ფუნქციონირებს გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან. იმ დროიდან არსებითად შეიცვალა როგორც სამედიცინო ტექნოლოგიების, ისე სამედიცინო არქიტექტურის და ინჟინერიის სტანდარტები. აქედან გამომდინარე, არსებული შენობა არ შეესაბამება თანამედროვე, მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების სტანდარტებს.
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ 2018 წელს ჩატარებულმა შესწავლამ აჩვენა, რომ სამკურნალო კორპუსის არსებული კარკასის მხოლოდ სვეტები აკმაყოფილებენ მოქმედი სეისმური ნორმების მოთხოვნებს, ხოლო რიგელებს გამაგრება-გაძლიერება სჭირდება.
2022 წლის დასკვნაში წერია, რომ ძირითადი სამკურნალო მაღლივი კორპუსის შემინული გარე ფასადების ტექნიკური მდგომარეობა შეიძლება შეფასებულ იქნას როგორც მწვავე ავარიული. არსებული სახით მათი ექსპლუატაცია დაუშვებელია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება.
მედპერსონალი
პრეზენტაციაზე სამედიცინო პერსონალთან რეკონსტრუქციის პერიოდში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.
ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები სხვა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმდებიან ან მშენებლობის განმავლობაში სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ.
მეტიც, სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადებას სპეციალური პროგრამით როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში.
რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის კონცეფციის პრეზენტაციის შემდეგ სიტყვით გამოვიდა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძეც. მისი განცხადებით, კონცეფცია ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ადეკვატური, სწორი და მართებულია.
„დღევანდელი შეხვედრა სამედიცინო საზოგადოებასთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის გარანტიები, რაც პრემიერ-მინისტრმა და მინისტრმა ბრძანეს, არის და იქნება შესრულებული. ყველაფერი მკაცრი კონტროლის ქვეშ გვეყოლება“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
იაშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რომ რესპუბლიკური კლინიკის პროექტი – ეს არის ის, რაც ქვეყანას სჭირდება.
ქალაქის ცენტრში ახალი, თანამედროვე, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე კადრების თვალსაზრისით ყველა მოთხოვნის შესაბამისი კლინიკის აშენება მართლაც სერიოზული ნაბიჯია და, ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სწორია“, – განაცხადა ჩხაიძემ.
სკანდალი რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ
რესპუბლიკური საავადმყოფო 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა და ახლა სავალალო მდგომარეობაშია. საჭიროა შენობის დემონტაჟი, რაც არ შეეხება მხოლოდ შენობის ახალ ნაწილს, რომელშიც ადმინისტრაციული პერსონალის და ზოგიერთი ექიმის კაბინეტები განთავსდება.
ამჟამად კლინიკის მთავარ გამოწვევებს შორის არის სამედიცინო სერვისების სიმცირე, სტანდარტების შეუსაბამობა და ფინანსური პრობლემები.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ნაწილი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავდა. ისინი აპროტესტებდნენ ძველი შენობის დაგეგმილ დემონტაჟს და ახალი შენობის აშენების გეგმას, ასევე ითხოვდნენ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ზაზა ავალიანის გადადგომას, უწყვეტ რეჟიმში მუშაობის გაგრძელების გარანტიას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას.
მარტის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლები დაარწმუნა, რომ ისინი სამუშაოს და ხელფასს შეინარჩუნებენ. თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, რომ შენობის ნაწილი დაინგრევა და ამავე ადგილზე ახალი აშენდება. ამასთან დაკავშირებით თანამშრომლების ნაწილი სხვა კლინიკებში გააგრძელებს მუშაობას, ხოლო ვისი დასაქმებაც ვერ მოხერხდება, ხელფასს მაინც მიიღებს.
მედპერსონალის პროტესტის ფონზე კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ვლადიმერ პაპავამ და ხარისხის მართვის დირექტორმა შორენა კიწმარიშვილმა დაკავებული თანამდებობები დატოვეს.