თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ამ დილით ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ კუნძულის მახლობლად 59 ჩინური სამხედრო თვითმფრინავი და 11 ხომალდი დააფიქსირა, იუწყება სააგენტო Reuters ტაივანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
უწყების ცნობით, აქედან 39-მა თვითმფრინავმა ტაივანის ყურის შუა ხაზი გადაკვეთა და მის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ზონაში შევიდა.
„ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავები, მათ შორის, ბირთვული ქობინების მქონე ბომბდამშენები H-6, ასევე სამხედრო ხომალდები მონაწილეობას იღებენ სწავლებაში, რომელთა მიზანიც კუნძულის გარშემო მრავალმხრივი ბლოკადის ფორმირებაა“, — წერს Reuters ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით.
მანამდე, 8 აპრილს ჩინეთმა სამდღიანი წვრთნების დაწყება გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ტაივანის პრეზიდენტი ცაი ინვენი აშშ-დან დაბრუნდა, სადაც ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ კევინ მაკკარტის შეხვდა. იმ დღეს 71-მა ჩინურმა თვითმფრინავმა და რამდენიმე სამხედრო ხომალდმა კუნძულის ალყაში მოქცევის სავარაუდო სქემა დაამუშავეს. წვრთნების მეორე დღეს ჩინეთმა ტაივანის ტერიტორიაზე არსებულ მთავარ სამიზნეებზე შეტევა დაამუშავა.
როგორც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა მაიკლ მაკკოლიმ განაცხადა, კონგრესი მხარს დაუჭერს ტაივანზე ჯარების გაგზავნას, თუ ჩინეთის არმია კუნძულზე შეჭრას გადაწყვეტს.
წყარო: Reuters